თბილისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი დოლარია და მას საინვესტიციო კომპანია Block Group ახორციელებს. ქეთევან წამებულის გამზირზე, ნომერ 37-ში განთავსებული სასტუმროს დიზაინზე, რომლიდანაც მტკვრისა და თბილისის ხედები იშლება, „ნოა სტუდიომ“ ცნობილი პორტუგალიელი დიზაინერის ცეზარ რიბეიროს ხელმძღვანელობით იმუშავა.
Golden Tulip Design Tbilisi-ის შესახებ დეტალურად „ბიზნესნიუსის“ ეთერში აღნიშნული სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, საქართველოს ბიზნესტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ელენე ოთარაშვილმა ისაუბრა.
პირველ რიგში გეტყვით, რომ Golden Tulip-მა, როგორც საერთაშორისო ბრენდმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განახორციელა რებრენდინგი და საზოგადოების წინაშე წარდგა ახალი, ინოვაციური პლატფორმით. ჩვენ ვართ მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის – Louvre Hotels Group-ის სტრატეგიული ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. ჩვენი სასტუმროს გამორჩეულ, თანამედროვე დიზაინზე იმუშავა „ნოა სტუდიომ“ ცნობილი პორტუგალიელი დიზაინერის ცეზარ რიბეიროს ხელმძღვანელობით. ჩვენთან, ლობიში შემოსვლისთანავე იგრძნობა, რომ თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა და ფუნქცია აქვს. სასტუმროს შენობის როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი გეომეტრიული ფორმების ერთგვარი თამაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სასტუმრო გახდება ახალი სასურველი ადგილი შეკრებებისთვის და ღონისძიებებისთვის. ჩვენ მუდმივად ვიქნებით ორიენტირებულები იმაზე, რომ შევქმნათ საუკეთესო განწყობა და გამოცდილება ჩვენი სტუმრებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სასტუმროს მთავარი მესიჯია„Playtime Anytime“ – ანუ სულ ხალისიან განწყობაზე უნდა ვიყოთ.
ჩვენი სასტუმრო გარდა 77 თანამედროვე დიზაინით შექმნილი ოთახისა, მოიცავს 3 განსხვავებული კონცეფციის რესტორანს, ესენია – „Coffee & Co“ ლობიში, „ტიტა რესტორანი“ და „ტიტა ტერასა“ ბოლო სართულზე. ჩვენ განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას გპირდებით. ამასთან ერთად, ჩვენი რესტორნებიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები თბილისზე და სტუმრებს საშუალება ექნებათ დატკბნენ ამ არაჩვეულებრივი ხედებით. ჩვენი „ტიტა ტერასიდან“გასაკუთრებულად ლამაზად მოჩანს მზის ჩასვლაც, ადრიანი დილაც და შუადღეც. ამ მხრივ, მე ვფიქრობ, ძალიან გამორჩეული ადგილი იქნება. ამასთან ერთად, მენიუ გვექნება განსაკუთრებული. შემოგთავაზებთ ისეთ კერძებს, რომლებსაც სხვაგან ვერ დააგემოვნებთ. აქცენტი გვაქვს ჯანსაღ ინგრენდიენტებზე და პროდუქტებზე. არაჩვეულებრივი შეფი გვყავს კოტე ჩიქობავა, რომლისთვისაც კულინარია ნამდვილი ხელოვნებაა. აი ასე, მთელი ძალებით ვემზადებით ჩვენი პირველი სტუმრების შესახვედრად, ძალიან მალე.
სასტუმრო გათვლილია ბიზნესმოგზაურებზე, ტურისტებზე, მილენიალებსა და რა თქმა უნდა, ადგილობრივ სეგმენტზე, რომელიც ეძებს ახალ, განსხვავებულ გარემოს, სადაც სასიამოვნოდ დაიმუხტება. ჩვენს რესტორნებში ყოველ პარასკევს და შაბათს გვექნება ძალიან კარგი, ხარისხიანი ცოცხალი მუსიკა. ვფიქრობ, ეს გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ჩვენს ქალაქში.
ჩვენი სასტუმროს ინოვაციურობა ძალიან ბევრ დეტალში გამოიხატება. პირველ რიგში, აღვნიშნავ Mood Light კონცეფციას, რომელიც განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ფასადს და მისი დამსახურებით შენობა ხდება ცოცხალი ორგანიზმი. ყველა სტუმარს შეეძლება, ოთახის განათების ფერი სასურველი განწყობის მიხედვით შეარჩიოს. შესაბამისად, ჩვენი სასტუმროს ფასადი, სტუმრების განწყობის მიხედვით, ყოველთვის სხვადასხვანაირი იქნება და გარეთ გამოიტანს ჩვენი სტუმრების განწყობებს. ის ყოველდღიურად შეიცვლება და თითქოს ახალ ისტორიებს მოუყვება ჩვენს ქალაქს. ასევე, ეს იქნება პირველი სასტუმრო სივრცე, სადაც წარმოდგენილი გვექნება ციფრული არტის გალერეა. აქ ჩვენ წარმოვაჩენთ ქართველი NFT არტისტების ნამუშევრებს და ხშირად მოვაწყობთ მათთვის გამოფენებს.
როგორც კი ჩვენი სასტუმროს ლობიში შემობრძანდებით, ნახავთ რომ, დესკს ამშვენებს ხელით მოხატული ქართული ანბანი, რომლითაც პირველ შთაბეჭდილებას ვუქმნით და ვაცნობთ სტუმრებს ჩვენს უნიკალურ დამწერლობას. სასტუმროს თითოეული ნომერი გაფორმებულია ქართველი არტისტების მიერ შესრულებული ექსკლუზიური არტებით, რომლებიც გადმოგვცემენ საინტერესო ამბებს საქართველოს ისტორიიდან.
სასტუმროს შენობა მთლიანად ეკომეგობრული და ენერგოეფექტური, ე.წ. „მწვანე შენობაა“. აქ ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა მასალებითაა დამზადებული.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული „ტიტა ტერასა“, რომელიც იქნება ერთგვარი ტროპიკული კუნძული ქალაქში თავისი ლამაზი მცენარეებით და პანორამული ხედით თბილისის ყველაზე ლამაზ ნაწილზე. აქ იქნება საოცარი ადგილი დაუვიწყარი საღამოებისთვის და გართობისთვის. ასევე გვექნება ქალაქში გამორჩეული ბარი, სადაც შემოგთავაზებთ სრულიად განსხვავებულ საავტორო კოქტეილებს. ბარის განსხვავებული თანამედროვე კონცეფციის შექმნაში დაგვეხმარა უცხოელი მიქსოლოგი. დარწმუნებული ვარ ჩვენი ჯადოსნური კოქტეილები ძალიან მოთხოვნადი გახდება.
ამ ეტაპზე, უკვე დასაქმებული გვყავს 80 ადამიანი. ბრენდის სტანდარტიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვქმნით ოქროს გუნდს. როცა დავიწყებთ სტუმრების მიღებას, დასაქმებულების რაოდენობა გაიზრდება ასამდე.