LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვერდზე ტანკები იყვნენ, საზიზღრად მომღიმარი სახეებით ისხდნენ, ტანკის ლულებს ატრიალებდნენ“ – დავით გოგინაშვილი აგვისტოს ომს ემოციური ისტორიით ეხმაურება

296
დავით გოგინაშვილი

„თეგეტა ჯგუფის“ მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგინაშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავს ემოციური ისტორიით ეხმაურება და ნანახს იხსენებს:

„7 აგვისტო იყო, თბილისიდან რომ გავედით დასავლეთისკენ. შვებულება მქონდა… რა მეშვებულებოდა…
გზაზე ჯარი მიდიოდა… ჩვენი ჯარი.

8 აგვისტოს 03:00 სთ იქნებოდა, როცა ქობულეთში ჩავაღწიეთ, 10 სთ გზაში… ბათუმში ვეღარ ჩავედით.
8 აგვისტოს დილა გაუთენდა ქვეყანას… ომი დაიწყო რუსეთმა… ბომბავდნენ..

ქრონიკებს ტელევიზორში ვუყურებდით. ვის რაში აინტერესებდა დასვენება და შვებულება…
ნერვები გვქონდა „მოთხრილი“…

ხმა გავარდა, რუსის გემები შემოდიანო… გურიაში, ჩოხატაურში წავედით, ბარგი არც კი ამოგვილაგებია, ჩვენ მარტივად გავედით, თუმცა აჭარის გზები პარალიზებული იყო…
გორი იბომბებოდა…

გურიაში ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყო. ყველას გვეგონდა, რომ გვბომბავდნენ… პანიკა…
ტელევიზორი საშინელებას იუწყებოდა…

მერე თითქოს რაღაც მიწყნარდა და ჩვენც გადავწყვიტეთ თბილისში წასვლა. გორში შევედით…. დაბომბილი იყო… იწვოდა ალაგ-ალაგ მანქანები და სახლები… ჩემს უკან 5 მანქანა მოდიოდა, მე პირველი ვიყავი.

ის იყო, უკვე გორის ბოლოში რომ გავედით – ჩემ წინ ტანკები მოდიოდნენ, სწრაფად, ბევრნი, რუსეთის ემბლემებით, კარგად ჩანდა სახეებიც, ძალიან ახლოს იყვნენ…

უკანა ხედვის სარკეში გავიხედე… ის 5 მანქანა უკვე ატრიალებდა და უკან მიდიოდა… მე ვერ ვასწრებდი, პირველი ვიყავი და სწრაფად მივდიოდი, იმათ გავუსწარი…. წინ, უკან, გვერდზე ტანკები იყვნენ, საზიზღრად მომღიმარი სახეებით ისხდნენ, ტანკის ლულებს ატრიალებდნენ… ჩემი მიმართულებითაც… მარტონი ვიყავით…

უეცრად, უცხოელი ჟურნალისტების 2 თუ 3 ჯიპი შევნიშნე, იღებდნენ, CNN ლოგო დავინახე პირველი და რატომღაც მომეშვა, გაზს დავაჭირე და ტანკებს შორის გავძვერი… გავაღწიე… წინ ჩვენი საგუშაგო იყო… გაოცებულები მიყურებდნენ, რომ გამოვარდი…
ის დღე იყო – გორი იკეტებოდა…

/2008 წლის აგვისტოს ჩემი ქრონიკებიდან/
რუსეთი ოკუპანტია!

მჯერა, რომ მოვა დრო და სულ სხვა რამეს მოვყვებით ყველა ერთად. ჩვენ მოვყვებით გამარჯვების შესახებ!“ – წერს დავით გოგინაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები