გზების უკონტროლო გადათხის შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით თბილისის მერიაში საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე კომპანიების მიერ წარმოებული სამუშაოების ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„შეხვედრაზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ფოტომასალის სახით წარადგინეს კონკრეტული პრობლემური პროექტები. აღინიშნა, რომ კომპანიების მიერ სამუშაოების წარმოებისას ხშირ შემთხვევაში არ ხდება უსაფრთხოების ღობეებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსება,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ხდება მოწესრიგებული ასფალტის საფარის დაზიანება, რომელის აღდგენაც შემდგომში სათანადო ხარისხით აღარ ხდება. კომპანიების მხრიდან სამუშაოების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ჯარიმები კიდევ უფრო გამკაცრდება.“ – განაცხადა შეხვედრაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა აღნიშნა, კომპანიების მიერ ხშირ შემთხვევაში ხდება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის დაზიანება, სამუშაოების არასათანადოდ შესრულება და ვადების გადაცილება.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას „თელასის“, „GWP“-ს, „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.