LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰააგის სასამართლოზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებები არაკომპეტენტურია – ანა დოლიძე

ანადოლიძეააა

„ჰააგის სასამართლოზე გადაწყვეტილება დადგება კონკრეტული პირების მიმართ. ეს თავიდანვე პროცედურაშია ჩადებული და ამას ჩვენი სახელმწიფო ვერ შეცვლის,” – განცხადება ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ გააკეთა.

ანა დოლიძემ არაკომპეტენტური უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტერანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა ჰააგის სასამართლოზე.

„ეს განცხადება არაკომპეტენტურია. ისედაც ძალიან რთული იურიდიული საკითხია სასამართლო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს აგვისტოს ომზე და კიდევ უფრო მეტი სირთულე და გაუგებრობა შეაქვს ჩვენი მოსახლეობის თვალში.

ის გამოძიება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, წარიმართება თავიდან ბოლომდე პროკურორის უფლებამოსილებით. პასუხისმგებლობა, რომელიც დადგება, დადგება ინდივიდუალური პირების მიმართ. იმედია, ეს იქნება რუსეთის მხარეს, თუმცა ეს იქნება ინდივიდების წინააღმდეგ. ჩვენ ამ პროცესს ვერ ვაკონტროლებთ და ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკონტროლოთ, ეს არის ის, რომ ჩვენი მხარის მტკიცებულებები მაქსიმალურად მივაწოდოთ.”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გამოძიების ფარგლებში ვერ ჩაერევა და მაქსიმუმი ისაა, რომ ოპერატიულად მიეწოდოს მასალები გამოძიებას.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ  განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტარანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა. გრიგოლ ვაშაძე ამ ფაქტის გამო თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს.

magti 5g