LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ განხორციელდა

98

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახორციელა. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მათი ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს.

„25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 30 სექტემბერს მხოლოდ ბათუმში აღინიშნა კონცენტრაციის 1.1-ჯერ გადაჭარბება. პირველ ოქტომბერს კი თბილისში ყაზბეგის გამზირზე დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციის 1,2-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება, ხოლო წერეთლის გამზირზე მისი კონცენტრაცია უმნიშვნელოდ აღემატებოდა ნორმას. PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-დასავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში 1.1-ჯერ, ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული,“ – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ისნის მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სააკაძის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და წერეთლის გამზირზე 166-ე საჯარო სკოლასთან. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვები ნორმის ფარგლებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება ყოველკვირეული კვლევა ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. ყოველკვირეულად სპეციალისტების მიერ წინასწარ შეირჩევა შესაბამისი ლოკაციები, სადაც განხორციელდება კვლევები, ხოლო შედეგები აისახება ერთიან ყოველკვირეულ ანგარიშში,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

magti 5g