ნიდერლანდური ლუდსახარში Heineken მომდევნო ორი წლის განმავლობაში 5 000-დან 6 000-მდე თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანია ოთხშაბათს განაცხადა, რასაც წინ უსწრებდა ლუდზე მოთხოვნის შემცირება მთავარ ბაზრებზე. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება „რთული საბაზრო პირობების“ ფონზე მიიღეს. Heineken აპირებს „მასშტაბური პროდუქტიულობის დაჩქარებას“, რაც ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირებისკენ იქნება მიმართული.
ბოლო თვეებში მწარმოებელს აფრთხილებდნენ, რომ მომხმარებლები ფასების მიმართ უფრო მგრძნობიარენი გახდნენ. მრავალწლიანი ინფლაციისა და სექტორში ფასების არაერთი ზრდის შემდეგ, ლუდზე მოთხოვნა სუსტდება.
2025 წლის მონაცემებით, კომპანიის გაყიდვების მოცულობა 2.4%-ით შემცირდა. განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ევროპასა და ამერიკის რეგიონში – შესაბამისად 4.1% და 3.5%.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოლფ ვან დე ბრინკმა განაცხადა, რომ 2026 წელსაც ფრთხილ მოლოდინს ინარჩუნებენ. Heineken პროგნოზირებს, რომ საოპერაციო მოგება მომავალ წელს 2%-დან 6%-მდე გაიზრდება, თუმცა ბაზრის მდგომარეობა კვლავ გამოწვევებითაა სავსე.
გასულ თვეში ვან დენ ბრინკმა ისიც განაცხადა, რომ თითქმის ექვსწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, კომპანიას საქმიანობა „ტურბულენტურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოში“ მოუწია.

Heineken მსოფლიოში სიდიდით ლუდის მეორე მწარმოებელია AB InBev-ის შემდეგ და გლობალურად დაახლოებით 87 000 ადამიანს ასაქმებს.
სამუშაო ადგილების შემცირების გეგმა კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის – EverGreen 2030-ის ნაწილად განიხილება, რომელიც ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ცენტრალიზაციას ითვალისწინებს.
ექსპერტების შეფასებით, ლუდის ინდუსტრიაში მოთხოვნის შენელება და მომხმარებლების ხარჯვის შემცირება დიდ მწარმოებლებს აიძულებს, ხარჯების ოპტიმიზაციისკენ გადადგან ნაბიჯები.
