LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hello Kitty-ის დიზაინერი 46 წლიანი საქმიანობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს

118
Hello Kitty

Hello Kitty-ის მთავარი დიზაინერი, რომელმაც 46 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა პერსონაჟის ვიზუალურ განვითარებას და მის გლობალურ აღიარებას, 70 წლის ასაკში საქმიანობას წყვეტს.

იუკო იამაგუჩიმ პერსონაჟის  (რომელიც ლონდონში დაბადებული პატარა გოგონაა და არა კატა), დიზაინზე მუშაობა 1980 წელს გადაიბარა – Hello Kitty-s პირველი გამოჩენიდან ხუთი წლის შემდეგ.

Hello Kitty-მ იაპონიაში თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა იამაგუჩის მრავალწლიანი საქმიანობის წყალობით ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფრენჩაიზად ჩამოყალიბდა.

Hello Kitty გლობალურ მარკეტინგულ ფენომენად იქცა. მისი გამოსახულება გაჩნდა ტანსაცმელზე, აქსესუარებზე, ვიდეოთამაშებში და Airbus-ის თვითმფრინავშიც კი. ბრენდი თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Unicef, Nintendo და Balenciaga. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს Hello Kitty-ის თემატური კაფეები, იაპონიაში კი მოქმედებს თემატური პარკი. მორიგი პარკის გახსნა ჩინეთშიც იგეგმება. 2028 წელს Hello Kitty-ს კინოდებიუტიც შედგება Warner Bros-ის ფილმში. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი უკვე მონაწილეობდა რამდენიმე ანიმაციურ სერიალში, მას არასოდეს ულაპარაკია, რადგან Hello Kitty-ს პირი არ აქვს.

კომპანიაში Sanrio, რომელიც Hello Kitty-ის ბრენდს ფლობს, აცხადებენ, რომ იამაგუჩიმ, რომელმაც Hello Kitty ყველა ასაკისა და კულტურის ადამიანისთვის საყვარელ პერსონაჟად აქცია, ესტაფეტა მომავალ თაობას გადასცა – 2026 წლის ბოლომდე მის მოვალეობებს ერთ-ერთი დიზაინერი, ფსევდონიმით „აია“ სრულად გადაიბარებს. იუკო იამაგუჩი კომპანიაში კონსულტანტის ამპლუაში დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g