LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰემოსტაზის სისტემა და თრომბოზი – მარინა ჯანგიძე გადაცემაში „პულსი“

950
მარინა ჯანგიძე

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა ჯანგიძე სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ თემაზე – ჰემოსტაზის სისტემასა და თრომბოზზე ისაუბრა.

– ქალბატონო მარინა, პირველ რიგში რა არის ჰემოსტაზი?

– ჰემოსტაზის ანუ სისხლის შედედების სისტემა – რთული ბიოლოგიური სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, სისხლის შედედებას, მეორე მხრივ, მისი თხევადი მდგომარეობის შენარჩუნებას და ზომიერ დინებას უზრუნველყოფს, რაც აუცილებელია ნორმალური მიკროცირკულაციისთვის. სისხლის შედედებასა და თხევადი მდგომარეობას შორის არსებობს მყარი წონასწორობა, რომლის დარღვევის შედეგად შესაძლებელია როგორც თრომბოზის, ისე სისხლდენის განვითარება. ორ სისტემას მყარი წონასწორობის შენარჩუნებას ჰემოსტაზის სისტემის პროკოაგულანტური და თრომბოციტალური ფაქტორები, ფიბრინოლიზის აქტივატორები და ბუნებრივი ანტიკოაგულანტები უზრუნველყოფენ. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინის, მოლეკულური ბიოლოგიის პროგრესის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, თრომბოზები, თრომბოებოლური გართულებები, ჰემორაგიული დიათეზები და მასიური სისხლდენები მაინც სერიოზულ პრობლემად რჩება კლინიკური მედიცინისთვის.

– რა განაპირობებს ჰემოსტაზის სისტემის ნორმიდან გადახრას ორსულობის პერიოდში?

– ორსულობა ფიზიოლოგიური ჰიპერკოაგულაციაა ანუ ხდება კოაგულაციური პოტენციალის აქტივიზაცია, ბუნებრივად მატულობს სისხლის სიბლანტე, რათა მშობიარობის დროს არ მოხდეს სისხლის დენა და არ დაიღუპოს მშობიარე. ორსულობა სტრესული მდგომარეობაა, რასაც თავისუფალი რადიკალების გამოყოფა და სისტემური ანთებითი პროცესის გაძლიერება იწვევს, იზრდება ენდოთელიუმის დისფუნქციის რისკიც, მით უფრო, თუ არსებულ რისკებს თრომბოფილიაც ემატება. ორსულობის დროს ჰემოსტაზის სისტემა განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს, რადგან აქტიურდება ყველა ფაქტორი, ამიტომ იზრდება თრომბოზული გართულებების და სამეანო პათოლოგიების რისკი.

– რამდენად აუცილებელია ჰემოსტაზიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა მეანისთვის?

– ჰემოსტაზიოლოგიის სიღრმისეული ცოდნა არა მხოლოდ მეანისთვის, არამედ ნებისმიერი პროფილის ექიმისთვისაა აუცილებელი, რადგან სწორედ ჰემოსტაზიოლოგია სწავლობს სხვადასხვა დაავადების დროს გაჩენილ გართულებებს კარდიოლოგიაში, რევმატოლოგიასა და რა თქმა უნდა, მეანობაში. ამასთანავე, საჭიროა ჰემოსტაზიოლოგის თანამშრომლობა სხვა დარგის სპეციალისტებთან, რადგან დამოუკიდებლად ვერაფერს გახდება, მით უფრო, რომ ბოლო დროს ძალიან გახშირდა დაავადებები, რომლებიც განსხვავებული მიმდინარეობით ხასიათდებიან.

– თრომბოზისა და ჰემოსტაზის ცენტრში „მომავალი“, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, პროფესიონალ მედიკოსთა მულტიდისციპლინარული გუნდია შეკრებილი, რისი წყალობით ნებისმიერი მომსახურების მიღება შეიძლება – ლაბორატორიული კვლევით დაწყებული, სხვადასხვა პროფილის კლინიცისტის რეკომენდაციით დასრულებული. რა უპირატესობით სარგებლობს მსგავსი ტიპის კლინიკა?

– ცენტრის შექმნისას ჩვენს მთავარ მიზანს ძლიერი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მოწყობა წარმოადგენდა, რადგან სწორედ ლაბორატორიული კვლევა უზრუნველყოფს სწორ დიაგნოზს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოცდილი სპეციალისტების შეკრებაც, რომლებიც სრულფასოვნად შეძლებენ ამ აპარატურის გამოყენებას და მისი მონაცემების სწორად ინტერპრეტირებას. ვფიქრობ, ჩვენი კლინიკის მთავარი უპირატესობა ანალიზების მაქსიმალური სიზუსტე და ურთიერთშეთანხმებული მუშაობაა, რადგან ყოველთვის კოლექტიურად ვსწავლობთ თითოეული პაციენტის ანამნეზს და ლაბორატორიულ მონაცემებს.

magti 5g