LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდული ძრავის მსუბუქი ავტომანქანები აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან შესაძლოა, გათავისუფლდეს

93

ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომანქანები აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან შესაძლოა 1 აპრილიდან გათავისუფლდეს. საკითხი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

კანონპროექტის ინიციატორის, ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს.

დავით ონოფრიშვილის განმარტებით, ამ ცვლილების შედეგად, ელექტრომობილების მსგავსად, აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან ჰიბრიდული ავტომობილებიც გათავისუფლდება.

”საქართველოში ბევრია მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები. საქართველოს გარდა, უკვე ქვეყანა აღარ არსებობს, სადაც ტექნიკური დათვალიერება არ არსებობს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. შესაბამისად, ჰიბრიდული ავტომობილების გაიაფება, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ვითარების შემსუბუქებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ფისკალური შეღავათების პრინციპით წავედით, როგორც არის დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, როდესაც ჰიბრიდული ავტომობილები გადასახადისგან თავისუფლდებიან”, – განმარტა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისთვის ეს დიდი დანაკლისი არ იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები,  ამ ინიციატივით შესაძლოა დაახლოებით 901 ათასი ლარით შემცირდეს, რაც ბიუჯეტისთვის უმნიშვნელო თანხაა.

კომიტეტის წევრების თქმით კი, ჰიბრიდული ავტომობილები ელექტრომობილებისგან განსხვავდება, ისინი ჩვეულებრივ საწვავზეც მუშაობენ და გარემოს მაინც დააბინძურებენ. ამიტომ დეპუტატებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ჰიბრიდული ავტომობილები გადასახადისგან სრულად არ გათავისუფლდნენ და მხოლოდ გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ, რათა იაფი რესურსის ხარჯზე, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მსგავსად, ჰიბრიდული ავტომობილები არ შემოვიდეს დიდი რაოდენობით და ამის გამო, პრობლემა არ შეიქმნას.

შენიშვნების მიუხედავად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა და პარლამენტი  მას პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g