ნამდვილმა ბრიტანელმა ჰიუ გრანტმა, რომელიც ლონდონში დაიბადა და არისტოკრატულ ოჯახში გაიზარდა, განათლება კი, ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, სწორედ განუმეორებელი ბრიტანული შარმის წყალობით მოიპოვა აღიარება, რომელსაც ვერც 1995 წელს მომხდარმა სკანდალმა მიაყენა ჩრდილი. მართალია, გრანტი მეტწილად დაბნეულ, მორიდებულ ინგლისელებს განასახიერებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავდება საკუთარი პერსონაჟებისგან. თუმცა, მათსავით პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში, ქორწინებაზე კი, უკვე სოლიდურ ასაკშიც კატეგორიულ უარს ამბობს.
,,ფორტუნა” გთავაზობთ ჰიუ გრანტის 5 საუკეთესო ფილმს:
„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ (Bridget Jones’s Diary, 2001) – მართალია, გამომცემლობის ხელმძღვანელის, გაქნილი მექალთანეს დენიელ კლივერის როლი აბსოლუტურად განსხვავდება გრანტის ჩვეული ამპლუასგან, მაგრამ მსახიობმა მაინც არაჩვეულებრივად განასახიერა თავხედი ფლეიბოი, რომელიც თავგზას უბნევს თავქარიან ბრიჯიტ ჯონსს. ფილმი ჯეინ ოსტინის კლასიკური რომანის „სიამაყე და ცრურწმენა“ ერთგვარი თანამედროვე ვერსიაა, რომელმაც 280 მილიონი დოლარი მოაგროვა გაქირავებაში და გრანტის ერთ-ერთ კომერციულად ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა. მართალია, 2004 წელს მელოდრამის სიქველი „ბრიჯიტ ჯონსი – გონიერების ზღვარი“ გამოვიდა, მაგრამ ფილმმა მხოლოდ მოკრძალებული გამარჯვება აღნიშნა, რადგან ვერ შეძლო წინამორბედის ტრიუმფის გამეორება.
„ნოთინგ ჰილი“ (Notting Hill, 1999) – ფილმის ავტორები როჯერ მიტჩელი და რიჩარდ კერტისი თავიდანვე მხოლოდ ჰიუ გრანტსა და ჯულია რობერტსს მოიაზრებდნენ მთავარ როლებზე, ამიტომ სცენარიც მათზე მორგებით შექმნეს. გრანტი ჩვეულ ამპლუაში – წიგნის მაღაზიის მფლობელის, მორიდებული და დაბნეული ლონდონელი უილიამ თეკერის როლით წარსდგა თაყვანისმცემლის წინაშე, რობერტსმა კი, ამერიკელი კინოვარსკვლავი განასახიერა და არაჩვეულებრივი ეკრანული დუეტი შექმნა ბრიტანელ პარტნიორთან. მელოდრამამ არა მხოლოდ „ოქროს გლობუსის“ სამი ნომინაცია“, არამედ მაყურებლის სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა 2000 წელს.
„რეალური სიყვარული“ (Love Actually, 2003) – ერთ ფილმად გაერთიანებული რამდენიმე ისტორია, რომლებიც ერთის მხრივ, ავსებენ ერთმანეთს, მეორეს მხრივ კი, ცალკეულ, ზოგჯერ უჩვეულო, ზოგჯერ ნაღვლიან რომანტიკულ ისტორიას მოუთხრობენ მაყურებელს, ჯერ საშობაო ჰიტად იქცა, მოგვიანებით კი, იმ კლასიკური ფილმების ნუსხაში შევიდა, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია დღესასწაულების აღნიშვნა. არაჩვეულებრივი მსახიობების დასს შეუერთდა ჰიუ გრანტიც, რომლის მიერ განსახიერებული პრემიერ-მინისტრი პუბლიკამ „საოცნებო პოლიტიკოსად“ დაასახელა.
„ოთხი დაკრძალვა და ერთი ქორწილი“ (Four Weddings and a Funeral, 1994) – მორიდებული ინგლისელის ისტორია, რომელსაც დაოჯახებაზე ფიქრიც კი აშინებს, კლასიკური ბრიტანული კინოს საუკეთესო ნიმუშია. მართალია, გადაღებებზე გრანტი ზედმეტად პესიმისტურად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ კომედია სამარცხვინოდ ჩავარდებოდა გაქირავებაში, მაგრამ მისი პროგნოზი არ გამართლდა. მეტიც, ფილმი 1999 წლის ყველაზე წარმატებულ მცირებიუჯეტიან პროექტად იქცა, თავად გრანტმა კი, სწორედ მისი წყალობით მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა.
„ჩემი ბიჭუნა“ (About a Boy, 2002) – ძალიან გაუმართლა გრანტს, როცა ცინიკოსი უილ ფრიმანის როლი მიიღო ოჯახურ მელოდრამაში, რადგან არა მხოლოდ ლონდონელმა კრიტიკოსებმა აღნიშნეს მისი ნამუშევარი, არამედ გერმანული კინოპრემიის „ოქროს კინოკამერის“ და ჟურნალ Empire-ის პრემიაც დაიმსახურა წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.