ერთი ჰოსპიტალური შემთხვევის მართვა სახელმწიფოს დაახლოებით 2 000 ლარი უჯდება – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს, 10 000 ლარი და მეტიც, რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 500 ლარიც, მაგრამ საშუალოდ, შეფასების კუთხით ჩვენ ვიყენებთ დაახლოებით 2 000 ლარიან ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის”.
მისი თქმით, ეს არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, მაგალითად, ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის და პერსონალის ტრენინგისთვისაა საჭირო. სისტემის მომზადებისთვის საინვესტიციო ხარჯი კიდევ სხვა არის.
რაც შეეხება, კლინიკებში ადგილების დეფიციტთან დაკავშირებით, გაბუნიამ აღნიშნა, რომ კლინიკური ჯგუფი არის სამინისტროში შექმნილი მრჩეველთა ჯგუფი, რომელსაც ბიუჯეტზე ზეგავლენის ბერკეტი არ გააჩნია.
“არის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც იძლევა ტექნიკურ რჩევას და ხელმძღვანელობს კლინიკური პროცესის მოწყობას. ყველაფერი ეს ემყარება საერთაშორისო რეკომენდაციებს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, კლნიკურ ჯგუფთან დაკავშირებით არის ის, რომ მათგან მოდის რჩევა თუ, რა მუშაობს დღეს, რა არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაში და რა იქნება სასარგებლო ჩვენი პაციენტებისთვის. ყველა გადაწყვეტილება, რაც მათ აქამდე მოგვცეს, იყო რაციონალური და მეცნიერულად დასაბუთებული”, – განაცხადა გაბუნიამ.
მან ასევე ისაუბრა საწოლფონდზე და განმარტა, რომ დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულია 7 103 საწოლი. აქედან, დატვირთულია 6 329. შეფასების პროცესში არის 255 პაციენტი. ინტენსიურ საწოლზე არის 1 243 და ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება 378-ს.
“ქვეყნის მასშტაბით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538. აქედან, ყველაზე მეტად დატვირთულია, თბილისის საწოლფონდი. პაციენტების ნაკადის მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემა არ არის, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს”.
მინისტრის მოადგილემ სიახლის შესახებაც ისაუბრა, რომელიც გულისხმობს სასტუმრო “ჰოლიდეიინის” გაძლიერებული კოვიდსასტუმროს სახით გაშვებას, სადაც დამატებით იქნა სამედიცინო გუნდები მობილიზებული.
“ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პაციენტს, რომელსაც ჰოსპიტალში დიდხანს დაყოვნება არ ესაჭიროება, სწრაფად გადავიყვანოთ და ჰოსპიტალური საწოლები კიდევ უფრო მეტად გათავისუფლდეს”, – აღნიშნა მან.