საქართველო არ უნდა გახდეს ენერგიის ერთ წყაროზე დამოკიდებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველომ ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
“ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, მან უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ჩვენ კმაყოფილი ვართ მათი (მთავრობის წევრების) განმარტებით. ვფიქრობ, საქართველო განიცდის ენერგორესურსების მოკლევადიან საჭიროებას, ამიტომაც საჭიროა ისაუბრო პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან”, – განაცხადა იან კელიმ, რომლის განმარტებითაც, “მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს თავის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით”.
კითხვაზე ნორმალურია თუ არა “გაზპრომთან” ურთიერთობა მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, აშშ-ს ელჩმა უპასუხა, რომ “საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს”.