საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონიის ვიზები გამარტივდება, გადაწყვეტილება საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტოკიოში შეხვედრისას მიიღეს.
მიხეილ ჯანელიძე და ფუმიო კიშიდა, ასევე, შეთანხმდნენ, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო მოლაპარაკების დაწყების თაობაზეც.
„ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის- 25 წლისთავის მნიშვნელობა,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ფუმიო კიშიდას განცხადებით იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იაპონიის მოქალაქეებისათვის არსებულ ე.წ. “Travel adviser”-ში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონური ტურისტების მოზიდვას.