LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იარაღის ნაცვლად „შლანგი“ – როგორია ჯარში წასვლის ალტერნატივა

სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემის, შსს-ს გასამხედროებული უწყებებისა და თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, წვევამდელებს სამხედრო-სავალდებული სამსახურის გავლა ახლა უკვე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რიგებშიც შეეძლებათ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათ პრინციპული წინააღმდეგობა აქვთ ან რელიგიური ნიშნით არ სურთ იარაღის ხელში დაჭერა.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყება ადამიანებს უშუალოდ არ გაიწვევს. მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ მას ჯარში წასვლა არ სურს და უარს განაცხადებს იარაღის დაკავებაზე, გამწვევი კომისია მას მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს ალტერნატივას.

ეს ადამიანები გადამზადდებიან და მოემზადებიან, როგორც მეხანძრე-მაშველები. ისწავლიან ამ საქმეს. ამას რომ დაამთავრებენ, უპირატესობა მიენიჭებათ, რომ დაიწყონ ჩვენთან მუშაობა. მოქალაქე საცხოვრებელი ადგილის მახლობლად იმსახურებს. ამ მიმართულებით დიდი რესურსი და არჩევანი გვაქვს. ხანძარზე წინა ხაზზე მათ არავინ გაუშვებს. იქნებიან, როგორც სტაჟიორები, რომლებიც სწავლობენ. სადმე თუ იქნებიან პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისთვის, მათ ექნებათ დამხმარე ადამიანის ფუნქცია,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუმცა, სავალდებულო ჯარში წასვლა მოქალაქეების უმრავლესობას რომ არ სურს, არახალია. ჯარისგან თავის ასარიდებლად ადამიანები ათასგვარ ხერხს მიმართავენ, გასულ წელს სპეციალურად ამისთვის რელიგიური ორგანიზაციაც კი შეიქმნა.

ვალერი გ. 27 წლისაა, მან სამხედრო-სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მისთვის სასურველ ყველა ხერხს მიმართა, მათ შორის უნივერსიტეტშიც, რამდენჯერმე განგებ არ ჩააბარა გარკვეული საგნები და დარჩა კურსზე.

„მაქვს სამსახური, რომლის დაკარგვა არ მინდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ვიშკაზე“ ვათენ-ვაღამო და დავლპე ყარაულად. იარაღთან შეხებაც კი არ უნდა მქონდეს და ამისთვის ყველაფერი უნდა დავკარგო. ნამდვილად არ მიმაჩნია, დღეს ის ფორმა სახმედრო-სავალდებულო სამსახურის, პატრიოტიზმის სულისკვეთებით რომ უნდა გაიარო. სახანძრო-სამაშველო სამსახური, კიდევ ერთი უფასო მუშახელის მიღების „კანტორა“ იქნება,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ვალერი გ-მ.

მის მსგავსად ფიქრობს ნიკო ა-ც, რომელიც მიმდინარე წელს ელოდება სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ არ აქვს სამსახური და როგორც თავად ამბობს, „დასაკარგიც არაფერი აქვს“, სავალდებულო სამსახურის გავლა მაინც არ სურს, არც აქამდე არსებულ და არც ახალ სტრუქტურაში.

„მიმაჩნია, რომ ხელშესახები სიკეთე ამას არ მოაქვს. ნამდვილ ჯარისკაცებად რომ გვწვრთინდნენ კი ბატონო, პირველი წავიდოდი, მაგრამ მოვალეობის მოხდის მიზნით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდა, არ მინდა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ნიკო ა-მ.

მიუხედავად, რიგითი მოქალაქეების უარყოფითი შეფასებებისა, სამხედრო სფეროს ექსპერტები კანონპროექტს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ გამოცდილების მისაღებად ალტერნატიული სავალდებულო სამსახურის ფორმა მისასალმებელია.

„დღეს სქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილია, რომელთაც შეუძლიათ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლა, თუმცა, არ სურთ. გარდა ამისა, სახელმწიფოსაც არ შეუძლია დიდი ოდენობით გაწვევა. ჯამში სულ ყველა სტრუქტურა 6000-მდე ადამიანს იწვევს. ამ სიაში მეხანძრე-მაშველების დამატება, გამართლებულია. გარდა ამისა, ომი მარტო ავტომატით ხელში წინა ხაზზე დგომა არ არის. უფრო მნიშვნელოვანია ზურგში სტრატეგიული ობიექტების დაცვა. იქნება ეს ხიდები თუ სხვა. დაბომბვების შედეგად ხანძრის კერები ჩნდება და აუცილებელია მისი ჩაქრობა. ასე რომ, ყველა მიმართულება საჭიროა. უბანში დგომას სჯობს მანდ პატარა გამოცდილება მიიღოს, იმისთვის რომ საკუთარი ოჯახის დაცვაც შეეძლოს,“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას, სამხედრო ანალიტიკოსმა ირაკლი ალადაშვილმა.

მის მსგავსად ფიქრობს, კიდევ ერთი სამხედრო საკითხების ექსპერტი თემურ ჩაჩანიძეც. მისი თქმით, ვინც იარაღით სამსახურზე უარს ამბობს, სამაშველო სამსახურის რიგებში მსახური კარგი ალტერნატივაა.

ომი მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანები ფრონტზე იბრძვიან, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, გაყვანა მოქალაქეების, ხანძრების ჩაქრობა და ა.შ. მათ სამუშაო ბევრი ექნებათ ომიანობის დროსაც. მაგალითად, გასულ წელს ცეცხლის კერები რაც იყო ბორჯომის ხეობაში, არ იქნებოდა აუცილებელი სამოქალაქო მოსახლეობის მობილიზაცია, იქნებოდნენ ესენი,“ – განუცხადა „ფორტუნას“ თემურ ჩაჩანიძემ.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო. კანონის მიღება სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება. ეს ინიციატივა მთავრობის სხდომაზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა გაახმოვანა და დასძინა, რომ სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, წვევამდებელს ექნებათ სურვილის შემთხვევაში, პრივილეგია, დარჩნენ საგანგებო სიტუაციის სამსახურის რიგებში სამუშაოდ.

ქეთი გიგოლაშვილი

magti 5g