LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იბრძოლე, ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს! – ეუბნებოდა კაცი მეუღლეს” – ექიმი იმ ტრაგედიებზე, რომლებიც კოვიდსტატისტიკის მიღმა რჩება

203
Untitled design (3)

“ერთად გავუმკლავდეთ”- ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ამ მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, სააგენტო კოვიდთან მებრძოლი ექიმის ემოციურ წერილს ავრცელებს.

24 წლის უმცროსი ექიმი ბექა გზირიშვილი გვიყვება იმ ბრძოლაზე, რომელიც უკვე ორი წელია, ექიმების ყოველდღიურობად იქცა; გვიყვება იმ ტრაგედიებზე, რომლებიც დღიური კოვიდსტატისტიკის მიღმა რჩება.

იმისათვის, რომ ერთად გავუმკლავდეთ, კოვიდთან მებრძოლი ექიმი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

“მე გახლავართ ბექა გზირიშვილი, უმცროსი ექიმი. მართალია, მხოლოდ 24 წლის, თუმცა, იმდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, იმდენჯერ ვნახე სახეზე ბოლოს გადმოგორებული ცრემლი, მგონია, ბიოლოგიურ ასაკთან შედარებით, ბევრად უფრო დიდი ვარ… ამიტომ, გთხოვთ, აიცერით…

პანდემიის პირველი დღიდან-დღემდე, ჩემი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი. რეჟიმი რთულია და არც ღამისთევაა იოლი, მაგრამ ექიმის პროფესია იმითაა გამორჩეული, რომ თავგანწირვას მოითხოვს – უანგარო სიყვარულს, გულისცემის, სუნთქვის, თვალებში ანთებული სხივის დაკვირვებას… ჩვენ სიკვდილს ხელებიდან ვაცლით ადამიანებს, მართალია, ზოგჯერ ვერ ვიმარჯვებთ, მაგრამ დაუღალავად ვცდილობთ, არ ვნებდებით…

აი, უკვე მეორე წელია, ეს ბრძოლა გრძელდება… სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ვიცოდი რა მინდოდა, ვიცოდი რისკენ მიმიწევდა გული, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი რომ დადგებოდა მომენტი, როდესაც მეც ისეთივე მნიშვნელოვანი ვიქნებოდი კლინიკაში, როგორც ყველა სხვა, დაწყებული ტექნიკური პერსონალიდან, უმაღლეს მენეჯერულ რგოლამდე.

ორთაბრძოლაში პირველი ტალღიდან ჩავერთე. დაოჯახებული არ ვარ. თავიდან 72-საათიანი განრიგი მქონდა, ზედიზედ 3 დღე-ღამე კვირაში, თუმცა უწყვეტადაც მიმუშავია, 8-9 დღეც, ეს საკმაოდ რთულია…

განსაკუთრებით შემძრა ერთმა შემთხვევამ: ქალბატონი მეუღლესთან ერთად მოვათავსეთ რეანიმაციაში, ჯერ ქალი დამძიმდა, შემდეგ – ქმარი. ამხნევებდნენ ერთმანეთს, თითქოს, ყოველდღე ემშვიდობებოდნენ კიდეც. არცერთი არ იყო აცრილი… ერთ დარბაზში იყვნენ, შირმებით გავტიხრეთ, რათა ერთმანეთის ტანჯვა არ დაენახათ. “იბრძოლე”, – ეუბნებოდა კაცი მეუღლეს, – “იბრძოლე, ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს”! მამაკაცი დამძიმდა და ორგანიზმმა სენს ვერ გაუძლო, ბოლოს კი, მხოლოდ ქალი გადარჩა: “არ მჯეროდა, რომ კოვიდი არსებობდა, აქედან რომ გავალ, საკადრის პასუხს გავცემ მათ, ვინც საწინააღმდეგოს მეტყვის. ამ ოთახის მიღმა ხალხი ილუზიაშია”…

მე კი მინდა გითხრათ – აიცერით, ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა, ერთად გავუმკლავდეთ!” – წერს ექიმი ბექა გზირიშვილი.

“ერთად გავუმკლავდეთ” ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტია, რომელიც კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

“ერთად გავუმკლავდეთ” – ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

“კოვიდთან მებრძოლები” და მათი მონათხრობი – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

 

mazda magti 5g