მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „სასამართლო არ გვაქვს“.
„კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა დაპატიმრებულს, მაგრამ ახლა ჩემს კოლეგაზე, ანდრო ჭიჭინაძეზე მინდა ვთქვა. მისალმებით ვიცნობ, არ გვიმუშავია ერთად, მაგრამ რა ცნობა უნდა, ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე რა ნათელი და სუფთა ბიჭია. კარგი, დავუშვათ, რომ სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბრალდებული, დავუშვათ, რომ ათასობით ადამიანმა, ვინც მისი განთავისუფლება ვითხოვეთ, არ ვიცით და აი კვალიფიციურმა სასამართლომ კი, რაღაც ისეთი იცის, რასაც მხოლოდ პროცესზე დაამტკიცებს პროკურატურა და ყველას გაგვაგებინებს. კი ბატონო, მოდი პატივი ვცეთ კანონს და დაველოდოთ სასამართლოს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. მაგრამ კითხვები მაინც მაქვს: იმ ბრალდებით, იმ კვალიფიკაციით, იმ საქმით, რითაც აღიძრა და რითაც უნდა განიხილონ პროცესზე, ანდრო, სასამართლომდე რომ გამოეშვათ, რამე დაშავდებოდა? გარეთ გამოსული ანდრო, იმ „ნაცემ“ პოლიციელებს ჩუმად გაურიგდებოდა და ისინი მერე იტყოდნენ პლასტმასის ბოთლი მაგან არ გვესროლაო? ანდრო სადმე მთებში გაიხიზნებოდა თუ უპასპორტოდ გადაკვეთდა საზღვარს? მართლა მაინტერესებს, რაში სჭირდებათ მისი დაკავება? მოსამართლემაც ხომ კარგად იცის, რომ ანდრო არსად დამმალავი არაა და თავისი ნებით გამოცხადდებოდა სასამართლოზე? მით უფრო რომ ამდენი ავტორიტეტული პიროვნება უდგას თავდებში. თან ისიც იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება მხოლოდ უფრო ააღელვებს ისედაც საკმარისზე მეტად აღელვებულ საზოგადოებას? და მაინც არ უშვებ? რა არის ეს? უჭკუობა?, ბოროტება? ცინიზმი? სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხი თვითონვე მაქვს, ყველაფერი ერთად: უჭკუობაც, ცინიზმიც, ბოროტებაც, საზოგადოების აბუჩად აგდება და ის, რომ ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც ჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო!“, – წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი