საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რომელ სფეროში უნდა, რომ ისრაელიდან ინვესტორები მოიზიდოს, – ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელის განწყობა საკმაოდ დადებითია და საჭიროა ორ ქვეყანას შორის მეტი მუშაობა.
“საქართველოში უამრავი პოტენციალია. ისრაელში არის ცოდნა, ფინანსები. საჭიროა მეტი მუშაობა და მჯერა, რომ შესაძლოა, დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელიც იყო 10 წლის წინ და ისრაელი კვლავ საქართველოს მოწინავე პარტნიორი გახდეს,” – განაცხადა იციკ მოშემ.
საქართველო–ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარებას ინვესტორები მუშაობის პარალელურად ცდილობენ.
“რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი დიდი რაოდენობაა ინვესტორების, პრობლემებიცაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჯერ პრობლემებს მივხედოთ და შემდეგ გავაგრძელოთ ინვესტირება. ვმუშაობთ პარალელურად. ჩვენთვის ბიზნესი მხოლოდ ციფრები არაა. საქართველო-ისრაელის ურთიერთობები ორი მეგობარ ქვეყანას შორის ეკონომიკური ხიდია,” – აღნიშნა მოშემ.
