მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შარშანდელი, 2020 წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო. ყველა პრობლემა ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, მით უფრო კორონავირუსის აქტიური შემთხვევები არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, არის საუბრები, რომ ნოემბრიდან შესაძლოა, იყოს ლოკდაუნი.
იგეგმება თუ არა ბიზნესის ჩაკეტვა, ან რაიმე შეზღუდვების დაწესება და შესაბამისად ხომ არ განიხილება დახმარების პაკეტები, კითხვა „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ წამყვანმა გიორგი კეპულაძემ ბიზნესომბუსმენის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო კვეტენაძეს დაუსვა.
ნინო კვეტენაძე, ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს ესწრება.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია ტრიალებს მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელში. მოგეხსენებათ, ჩვენი აპარატი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, მათ შორის გახლავართ მე და მე ვერ დავადასტურებ ამ ეტაპზე, რომ იგეგმება გარკვეული შეზღუდვები. ჯერჯერობით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იმართება, გარკვეული კუთხით არის შემთხვევების მატება, მაგრამ ჩაკეტვებს სჯობს, ყველას მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად ავწიოთ ვაქცინაციის ტემპები. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ეკონომიკისთის.
ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციის ვალიდურობას ჩაკეტვებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კარგია, რომ არის ქვეყანაში ის სიტუაცია, რომ არ არის მკაცრი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა საჭირო“. – განაცხადა ნინო კვეტენაძემ „ფორტუნას“ ეთერში.