3 მარტს, სამოქალაქო აქტივისტს და მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი დაესხა თავს, რაც თავად მესხმაც მოგვიანებით „ფეისბუქზე“ დაადასტურა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოში ისმის, როგორ უსვამს კითხვას თავდამსხმელი გაბუნიას მის საპროტესტო სიმღერაზე „ოლე, ოლა“, შემდეგ კი ხელს ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს.
Ambebi.ge-თან საუბრისას თავად მესხი ამბობს, რომ ამ შემთხვევას სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყოლია და ის გაბუნიასთან, ადგილზე მობილიზებულმა პატრულის ეკიპაჟმა შეარიგა:
„რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა? დავაფიქსირეთ, რომ ერთმანეთთან პრეტენზიები არ გვაქვს. არც გაბუნიას ჰქონდა პრეტენზია და არც – მე. ეს დაფიქსირებულია შსს-ში, გადაღებულიც არის, გაბუნიას ხელიც აქვს მოწერილი. რატომ ავრცელებენ ამას ისე, როგორც უნდათ, არ ვიცი.
უბრალოდ, ქართულად, ჯიგრულად, კაცურად თუ ადამიანურად, გაუგებრობა მოხდა. შემდეგ რაც ამას მოჰყვა, ძალიან ცუდია, მე არ ვამბობ, რომ კარგია, ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა და ნერვები“, – უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მიშა მესხმა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი გაიხსენა:
„რესტორან „სტელაში“ ვიყავით, მე, ჩემი მეუღლე, მისი ორი მეგობარი და ჩემი მეგობარი. ასევე ერთი ბიჭი, რომელიც ქუჩაში დოლზე უკრავს და ჩვენთან ერთად შემოვიპატიჟე. იქვე მაგიდასთან დავინახე დათა გაბუნია.
ექვსნი იყვნენ და ერთი გოგონა ახლდათ. გაბუნია იგინებოდა, აგრესიული იყო, შემდეგ ეცადა თავისი ცნობილი სიმღერით „ოლე ოლათი“ მაინც გამოვეყვანე მდგომარეობიდან. ამ დროს უკვე რესტორნიდან და დაიწყო ჩვენს შორის ჩხუბი, გაწევა-გამოწევა, იმათაც მოიქნიეს ხელი და ჩვენც.
შემდეგ სამართალდამცველები მოვიდნენ, რომლებსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ორივე მხარე გამოგვკითხეს. გაბუნიას უნდოდა ჩემგან ბოდიში მიეღო, მაგრამ ვერ მიიღო, თუმცა იმ ზომამდე მივედით, რომ შევრიგებულიყავით და ეს საქმე მშვიდად დამთავრებულიყო. ორივემ ვთქვით, რომ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს“, – აღნიშნა მიშა მესხმა და დაამატა, რომ შერიგების შემდეგ, „წყენა გულში არ ჩარჩენია“:
„მე არ ვარ ბოღმიანი ადამიანი, ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიმიღია, არამარტო წინა ხელისუფლების დროს. ბევრთან დღეს ვმეგობრობ, არ ჩამრჩენია გულში. ქართველები ცოტანი ვართ და ჯობია ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.
არ ვარ ფიზიკური ანგარიშსწორების მომხრე, მაგრამ მეც ჩემი თავმოყვარეობა გამაჩნია. ვიღაცებს უნდათ, რომ თემები აწიონ, მაგრამ გაბუნიას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. მანაც გააგრძელა გვერდზე ქეიფი და მეც ცოტა ხანს დავრჩი“, – დასძინა მესხმა და ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა, ამ ეტაპზე პოლიტიკაში რაიმე სახით ჩართული:
„ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ვარ საზოგადოებრივ ბორდში, მათი მხარდამჭერი ვარ, თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი, ეს გუნდი ჩემი მეორე ოჯახია, მარტო პარტია არ არის“. – აღნიშნა მიშა მესხმა.