LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილაპარაკე სექსზე და იარე ღამის კლუბში, ოღონდ მშობელთან ერთად – ეს ბავშვების დაცვაა თუ უფლებების შეზღუდვა?

723
iPiccy-collage

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ ორი ინიციატივა წარადგინა.

პირველი არასრულწლოვნებს ეხება, რომლის მიხედვით, მოზარდები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე, ღამის კლუბში 18:00 საათის შემდეგ არ დაიშვებიან.

კილაძის განცხადებით, კანონპროექტში არ იყო დაზუსტებული, რომელი საათიდან არ შეეძლებოდათ ბავშვებს ღამის კლუბში შესვლა.

„24 საათამდე არ დაიშვებიან ბავშვები ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო, ეს იყო სწორი შენიშვნა და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18:00 საათიდან“, – განაცხადა კილაძემ.

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ მცირე ასაკის ბავშვები შუაღამე გასართობ კლუბებში იღებენ ნარკოტიკებს, ებმებიან პროსტიტუციაში.

„რამდენიმე წლის წინ იყო სერიოზული დისკუსია გამართული მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრებში, ანუ ღამის კლუბებში არასრულწლოვნების მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს თანამედროვე ახალგაზრდობას სჭირდება გართობის სხვადასხვა საშუალებები, ოღონდ არა ისე, როგორც სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება. ბავშვები კლუბებში იღებენ ნარკოტიკებს, ებმებიან პროსტიტუციაში, ხდება ათასი უბედურება. ვფიქრობ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, სრულწლოვანების ასაკამდე ჩვენ ვიზრუნოთ მათზე. გვჭირდება გარკვეული კონტროლის მექანიზმები“, – განაცხადა კილაძემ.

 

მეორე ინიციატივის მიხედვით, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები.

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სქესობრივი აღზრდის შესახებ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ “დღეს ბავშვები დაუცველები არიან ამ კუთხით, რისი კარგი მაგალითი იყო ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ გაკვეთილები, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში”.

 

https://www.facebook.com/SopoKiladzeOfficial/posts/2262830520405146?__xts__%5B0%5D=68.ARBU_NE6KhUNgXyGyKG6V-NVBMBTwVGZacrB5EpPfuHX_sSv4DvjLVuSz9naTQB3akyT4ibNB-JQ9zkMgXRCZr-K2Pfqiy6Btwm0Jk2szJEByL-2qNs-NRRWCXygvULCLjg2Bhodlha1Q7NV3k6OUPgomhrpHJ45EjxuPTWiKFSlJjJwhQ0A8lbLJPv_GnGSrbkWKRNDH3uXSaLobvCpcpP3yFy63XPEh_raRfceqLOlosudqnYFuhglIYXBU9-H9GoHdK3b5Q4iZpc-ifH2G0qpkLkRMm8dNJcWhsndRi3r2bBYXP2T0No1GOiNf1x7qsnGIsVHJgnFY1JennZ_swwu&__tn__=-R

 

ხატია ახალაიას კი სოფიო კილაძის განცხადება სასაცილოდ ეჩვენება. „ფორტუნასთან“ საუბარში ის განმარტავს, რომ ვიდეოები, რომლებიც მის მიერაა გამოქვეყნებული მშობლის ფილტრს ისედაც გადის.

„ჩვენი ვიდეოები ისედაც გადის მშობლის ფილტრს, მასში არა არის ისეთი მასალა მოცემული, რომელმაც ბავშვი შეიძლება დააზიანოს. ვიდეოები იუნესკოს სტანდარტების სრული დაცვით კეთდება. 12 წლამდე ბავშვს არც უნდა ჰქონდეს ფეისბუქი.

ეს ვიდეოები არის მშობლებისთვის, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ აჩვენონ თუ არა შვილებს. ეს არის გზა, რომელიც აპრობირებულია იმ ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლება ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახება,“ – განაცხადა ხატია ახალაიამ.

რაც შეეხება მუქარებს, მისი განცხადებით, მუქარები თავდაპირველად ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, შემდეგ მინელდა და ახლა სოფიო კილაძის განცხადების შემდეგ მათმა რაოდენობამ ისევ მოიმატა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ბავშვთა უფლებების კოდექსზე „ფორტუნასთან“ საუბრობს.

„ბავშვთა უფლებების კოდექსი“ ეს არის უპრეცენდენტო პროექტი და ბევრი სიახლე შემოდის, როგორც ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განსაზღვრის კუთხით, ასევე სხვადასხვა მავნე ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის მექანიზმის თვალსაზრისით“, – განცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, 18 წლამდე ასაკის მოზარდების ღამის კლუბებში სიარული კანონით ისედაც დარეგულირებულია, უბრალოდ აღსრულება არ ხდებოდა.
„ამ ინიციატივით კანონის განმტკიცება ხდება და არ უქმდება სხვა ჩანაწერები”.

 

 

რატი იონათამიშვილის განცხადებით, სქესობრივი განათლება ზოგადი განათლების კანონით რეგულირდება, რაც შეეხება მეცადინეობებს, ის საჯარო სკოლებში არაფორმალურადაც იმართება.

„ის, რომ გაკვეთილები არაფორმალურად ტარდებოდეს, ეს ცხადია დასაშვებია, ოღონდ ჩვენ უნდა გვქონდეს კონტროლის რამდენიმე მექანიზმი, ვინ ჩაატარებს ამ გაკვეთილებს, როგორ ჩაატარებს და ა.შ.  ეს უნდა იყოს მოწესრიგებული სფერო, არ უნდა იყოს სპონტანური და საეჭვო სერთიფიკატზე დაფუძნებული. მხოლოდ ერთი პირი, თუნდაც სკოლის დირექტორი, არ უნდა იღებდეს ამის შესახებ გადაწყვეტილებას. ამის მოწესრიგება საკანონმდებლო რეგულაციებით უნდა მოხდეს, ასევე იმ სპეციალისტების კვალიფიკაცია უნდა იყოს აღიარებული, ვინც ამ გაკვეთილებს ჩაატარებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ, ბავშვის ინტერესებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ ინიციატივაში არაფორმალური ნაწილის მოწესრიგებაზეა საუბარი და არა შეზღუდვების დაწესებაზე.

 

კილაძის ინიციატივებთან დაკავშირებით, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა არგანაშვილი საუბრობს და განმარტავს, რომ სქესობრივი განათლების მიღება ყველა ბავშვის უფლებაა.

„ბავშვს აქვს უფლება მიიღოს აკადემიური სამეცნიერო ინფორმაცია რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ანუ სქესობრივი აღზრდა. ეს უფლება რომ არ იყოს, ვერც მშობლის თანხმობით ასწავლიდა ვინმე  და ვერც ვერავის ბრძანებით, ეს არის მისი უფლება და არ შეიძლება ეს შეიზღუდოს სუბიექტურად, რომელიმე ადამიანის გადაწყვეტილებით,“ – განაცხადა ანა არგანაშვილმა “ფორტუნასთან” საუბარში.

მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები ვერ ხვდებიან, აინტერესებს თუ არა ეს თემა ბავშვს. იმ შემთხვევაში თუ მშობელი ბავშვის მხრიდან ამ საკითხით დაინტერესებას ხედავს, მან აუცილებლად უნდა აუხსნას და მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. თუ მშობელი ამას არ გააკეთებს ის ბავშვის უფლებას დაარღვევს.

 

 

ანა არგანაშვილის განცხადებით, ბავშვის აღზრდა და განვითარება რელიგიურ ორგანიზაციებთან კავშირში არ არის.

„სასულიერო პირებს თუ აქვთ აკადემიური განათლება ბავშვთა უფლებებში, მაშინ გასაგები იქნებოდა ჩემთვის მათი ჩართულობა, მაგრამ თუ ასეთი განათლება არ აქვს, გაუგებარია რა მოლოდინი გვაქვს, რომ რელიგიური ორგანიზაცია ბავშვის ინტერესის შესაბამის კონსულტაციებს გასცემს?“ – განაცხადა არგანაშვილმა.

იურისტი ღამის კლუბში 18:00 საათის შემდეგ არასრულწლოვნების მშობელთან ერთად დაშვებაზეც აკეთებს განცხადებას.

„ჯერ ერთი საღამოს 6 საათიდან ღამის კლუბი არ ფუნქციონირებს. მეორე ის არის, რომ ზოგადად ბავშვები ღამის კლუბებში არ შედიან და მესამე, ყველაფერი სადაც ცეკვაა, ღამის კლუბს ვერ დავარქმევთ. შეიძლება ბავშვებს ბანკეტი ჰქონდეთ და ა.შ.
ვგრძნობ, რომ ქალბატონ სოფიო კილაძეს, ბავშვებთან პროფესიულად შეხება არ ჰქონია და არ იცის მათი ცხოვრება. თინეიჯერი ბავშვი მშობელთან ერთად საცეკვაოდ არ დადის და ღამის კლუბში კიდევ საერთოდ არ უშვებენ არასრულწლოვნებს“, – განაცხადა ანა არგანაშვილმა.

 

“არაფრიდან მოტანილი კანონპროექტი, რომელიც არარსებულ პრობლემას ვითომ ჭრის”, – ასე ეხმაურება “გირჩის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჰერმან საბო სოფო კილაძის ინიციატივას.

„ასეთი პრობლემა არც არსებობს და არავის თავში არ მოსვლია გარდა სოფო კილაძისა, რომ ღამის კლუბებში არასრულწლოვნების სიარული დასარეგულირებელია.
არ ვიცი სოფო კილაძე დადის თუ არა ღამის კლუბებში, მაგრამ მე დავდივარ და იქ არასრულწლოვნები არ მოდიან და რომც მოვიდნენ, ისეთი Face control-ია, რომ არასრულწლოვანს კი არა, ბევრ სრულწლოვანს არ უშვენებენ“, – აცხადებს ჰერმან საბო „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მაჟორიტარობის კანდიდატი სკოლებში მშობლის თანხმობით, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებზეც საუბრობს.

„ალბათ არის მოსახლეობის ნაწილი, რომლებსაც უნდათ, რომ მის შვილებს, ვიღაც ამ საკითხებზე არ ელაპარაკებოდეს, არის ნაწილი ვისაც სურთ, რომ პირიქით ელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. მთელი სპექტრი იქმნება მოსახლეობის, რომელსაც სხვადასხვა ფორმით წარმოუდგენიათ, როგორ უნდა აუხსნან შვილებს ეს ნამდვილად ასახსნელი ინფორმაცია.
სექსობრივი ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც პირადი ჰიგიენის ცოდნა. აქ პრობლემის სათავეს განათლების სამინისტრო წარმოადგენს, თორე თავად სოფო კილაძე არაფერ შუაშია.
მესმის იმ ადამიანების, რომლებიც კილაძის ინიციატივას შეეწინააღმდეგებიან იმიტომ, რომ უნდათ ისე აღზარდონ ბავშვები, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. შეიძლება პირადად არ ვეთანხმებოდე მაგ. მართლმადიდებლური კავშირის წევრს, როგორც ზრდის საკუთარ შვილს, მაგრამ ეს მისი უფლებაა და ამაში არც სოფო კილაძე არ უნდა შეიჭრას, არც მე უნდა მქონდეს იმის უფლება, რომ ჩავერიო და ყველა სკოლაში სავალდებულო გავხადო ამ ცოდნის შეტანა. არც სასულიერო პირებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება გაიტანონ რაღაც კანონი, რომელიც მათი აზრით არის სწორი“, – განაცხადა „გირჩის“ მთაწმინიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

წარმოშობს თუ არა პრობლემას სქესობრივი განათლების შეტანა სკოლებში აღსრულების კუთხით, ჰერმან საბო აცხადებს, რომ როგორც კი კანონის აღსრულებაზე მიდგება საქმე, უამრავი პატარა პრობლემა იჩენს თავს.

„ასეთი სენსიტიური საკითხები არაადმინისტრირებადი მგონია. გამოსავალი არის იმაში, რომ უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის სკოლები, სადაც მშობელი სურვილის მიხედვით შეიყვანს შვილს და ისწავლის ბავშვი იმას, რაც იმ ერთ კონკრეტულ სკოლაში ისწავლება. ამაში ვხედავ გამოსავალს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

 

 

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სქესობრივი განათლება სასკოლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია.

ქვეყნები, სადაც სქესობრივი განათლების მიღება სკოლებშია შესაძლებელი:

  • შვეიცარია
  • საფრანგეთი
  • გერმანია
  • ნიდერლანდები და სხვა ევროპული სახელმწიფოები
  • აშშ

სხვა ქვეყნებში სქესობრივი აღზრდის კუთხით მდგომარეობა რთულია. 1998 წელს გაერომ სამედიცინო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად დაასახელა. მას შემდეგ გაერო აზიასა და აფრიკაში ამ მიმართულებით საინფორმაციო ღონისძიებებს ატარებს – მოსახლეობას კონტრაცეპტივებისა და შიდსის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ სიმბოლურად 2020 წლის 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს ამოქმედდება.

 

magti 5g