ილია თოფურია „Richard Mille“-ის ოჯახის ახალი წევრია – UFC-ის ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი 2026 წელს საათების შვეიცარიული ბრენდის ამბასადორთა გუნდს შეუერთდა. იგი გახდა პირველი სპორტსმენი საბრძოლო ხელოვნების სფეროდან, რომელიც „Richard Mille“-ის ოფიციალურ წარმომადგენლად დასახელდა.
„სიამაყის შეგრძნებით ვარ სავსე. „Richard Mille“-თან პარტნიორობა უდიდესი მოვლენაა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საბრძოლო სამყაროსთვის“, – ამბობს ილია თოფურია.

ილიამ „Richard Mille“-ი პირველად საქართველოში აღმოაჩინა. ბრენდის საათმა მაშინდელ „მატადორზე“ (ახლა უკვე „ლეგენდაზე“) წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მასში მომავალი თანამშრომლობის ამბიცია გააღვიძა.

„Richard Mille“-ი პარტნიორობას ყოველთვის გულწრფელ კავშირზე აფუძნებს, ილიას პრინციპები და ხასიათი კი სრულად ემთხვევა ბრენდის ფასეულობებს. თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ფილოსოფიას – როგორც თოფურია, ასევე ბრენდი ერთსა და იმავე ხედვას იზიარებენ: თავდადება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა. „ორივეს გვიყვარს შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა დისციპლინის გზით.“

ოქტაგონს მიღმა ილია თოფურია ატარებს საათს RM 67-02 Automatic Extra-Flat. მსუბუქი წონა და საათის ორიგინალური მექანიკა ირეკლავს იმ სისწრაფეს, ეფექტურობასა და კონტროლირებად აგრესიას, რომელსაც ილია ავლენს როგორც ბრძოლისას, ისე ცხოვრებაში.

ცნობისთვის, „Richard Mille“-ის ამბასადორები არიან: ფორმულა 1-ის მრბოლელები ალან პროსტი და შარლ ლეკლერი, ფეხბურთელი დიდიე დროგბა, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, მსახიობი ჯონ მალკოვიჩი, მომღერალი ფარელ უილიამსი და სხვები.
