LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

I`ll be back: მართლა დაბრუნდება თუ არა „ტერმინატორი“ – სააკაშვილის სერიალი თუ გმირობა

196
FORTUNA.GE (27)

მან ბოდიში მოიხადა და დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ბრუნდება, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და ჩვენთვის, ყველასთვის კარგი უნდა. მიხეილ სააკაშვილის სახელი საქართველოს ისტორიაში მესამე პრეზიდენტად არის ჩაწერილი და ამას უკვე ვეღარაფერი შეცვლის.

„ბოდიშს ვიხდი შეცდომების გამო… მე ვბრუნდები“ – მიხეილ სააკაშვილი 

ახლა საკითხავი ისაა, ჩაიწერება თუ არა მის ბიოგრაფიაში, რომ იყო საქართველოს პრემიერი; ის, რომ წლების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა…

ქვეყნიდან 2012 წელს წავიდა. თუმცა თითქმის ყველა არჩევნების წინ ამბობს, რომ დაბრუნდება. ვა-ბანკზე ყოფილი პრეზიდენტი ბევრჯერ წასულა, თუმცა საქართველოში ჩამოსული ჯერ არ გვინახავს.

თუმცა მის დაბრუნებას ხელი ბევრმა გარემოებამ შეიძლება შეუშალოს. კორონავირუსი, პატიმრობის მოლოდინი, ხალხის აგრესია…

„ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორ შეიძლება განვითარდეს ქართულ პოლიტიკაში სცენარი, თუ მიშამ მართლა გადაწყვიტა დაბრუნება?

 

თუ ციხეშია წამსვლელი, ამ ნაბიჯზე აქამდეც წავიდოდა

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, ამბობა, რომ სააკაშვილი არც ამჯერად შეასრულებს დაპირებას და არ დაბრუნდება.

„ის ხან გვირაბით მოდიოდა, ხან ჰაერით, ხან ზღვით, უამრავი საშუალებები ჰქონდა. ამჯერად მგონი, არ დაუკონკრეტებია, რით აპირებს ჩამოსვლას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ნათქვამიც ისეთივე არარეალურია, როგორც წინა შემთხვევებში.

ის მსჯავრდებულია, როგორც კი საქართველოში შემოვა, დააპატიმრებენ. ალტერნატიული გზა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არ აქვს. ან ჩამოსულ სააკაშვილს აპატიმრებს და მიყავს ციხეში, ან გასაღებს აბარებს და ის პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჯდება. სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არსებობს. მაგრამ მეეჭვება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს სააკაშვილმა.

მისთვის ჩამოსვლა არც არასდროს იყო პრობლემა. პრობლემა იყო ჩამოსვლის შემდეგ რა იქნებოდა. ყოველი არჩევნების წინ ჩამოდის.

ვნახოთ, თუ მისმა მობოდიშებამ ელექტორალური თვალსაზრისით იმუშავა, მაშინ ეს თემა გაგრძელდება. ჩვეულებრივი წინასაარჩევნო „ტრიუკია“. თუ ის ფიქრობს, რომ საქართველოში მის დაპატიმრებას საქართველოში პერმანენტული აქციები მოჰყვება, ძალიან ცდება. მას მხარდაჭერა აქვს არჩევნებზე და არა ქუჩაში. ამ ორ ფაქტორს შორის განსხვავებაა. ქუჩის მაქსიმუმი შარშან, 20 ივნისის მოვლენებზე ვიხილეთ. ესააა დღეს ქუჩის ოპოზიციის რესურსი. უფრო დიდი რესურსი ქუჩაში ოპოზიციას არ აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ მას შეიძლება სხვა ინფორმაციას აწვდიდნენ.

თუ ის ციხეშია წამსვლელი, ამ ნაბიჯზე აქამდეც წავიდოდა. ახლა ვითომ რა დამატებითი პირობები შეიქმნა ისეთი, რომ დაბრუნდეს? მას დამატებით არანაირი მოტივაცია არ აქვს“, – აცხადებს ექსპერტი.

Miha hamodiii - „ოცნებამ“ სააკაშვილს დაბრუნების უფლება მისცა

პრეზიდენტმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

 

ის არაა ადამიანი, რომელიც გმირულ ნაბიჯებზე წავა

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სულელი არაა და ამიტომაც არ დაბრუნდება.

„ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეში“ ბეჟანა ამბობს, მე აბდალი ვარ, სულელი კი არაო. სააკაშვილი სულელი არაა. ჯერ ერთი რითი ჩამოვა, კორონავირუსია, ტრანსპორტსაც კი ვერ იშოვის. ეს საკითები რომ გვერდზე გადავდოთ, კაი,  დავუშვათ ჩამოვიდა, საზღვართან სამართალდამცველები დახვდებიან. სააკაშვილი არაა იმ ტიპის ადამიანი, რომელიც საკუთარი იდეებისთვის ციხეში წავა და იქიდან იქადაგებს თავის „სიმართლეს“. ჩვენ ასეთი გმირები რეალურად გვყავდა. სააკაშვილმა ბოდიშიც კი ისე მოიხადა, რომ საკუთარ თავს არაფერი დააბრალა. ის არაა ადამიანი, რომელიც გმირულ ნაბიჯებზე წავა. არადა საქართველოში ჩამოსვლა მისგან გმირობას მოითხოვს. არა მარტო იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა შეიძლება შეუქმნან სირთულეები. საქართველოში მას მხარდამჭერებზე უფრო ბევრი მოწინააღმდეგე დახვდება აეროპორტში. ახლა ფრენები არაა და შეიძლება, ცურვით წამოვიდეს, არ ვიცი, მაშინ ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეები ნაპირზე დახვდებიან.

საკითხავია, რა სიტუაცია აქვს უკრაინაში. შესაძლოა იქ აქვს საქმეები ისე არეული, რომ საკითხის ასე დაყენება, „მე მივდივარ“, იქაური პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. როგორც ცნობილია, სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურაში სარჩელი შევიდა“, – ამბობს საყვარელიძე.

 

სერიალია უკვე

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის საყვარელი ფილმი „ტერმინატორია“.

„უკვე მოლოდინიც კი მქონდა, რომ მისგან მოვისმენდი, ვბრუნდებიო. ის ამას საკუთარი ამომრჩევლის მხნეობისთვის აკეთებს და, როგორც წესი, არჩევნების წინ. ხელისუფლება ცდილობს, მისი განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. სერიალია უკვე. ფრაზა „მე დავბრუნდები“ „ტერმინატორშია“ და არნოლდ შვარცნეგერმა ამ ფრაზით გაითქვა სახელი. როგორც ჩანს, შვარცნეგერი მისი საყვარელი მსახიობია და ამ ფრაზას ხშირად იმეორებს ხოლმე. საააკშვილი ქართული პოლიტიკის „ტერმინატორია“.

გადამრჩენის როლის შესრულებას როგორ მოახერხებს, ჩემთვის გაუგებარია, ალბათ მომავლიდან თუ დაბრუნდება. ვფიქრობ, რომ წმინდა წყლის სტანდარტული, პოლიტიკური განცხადება გააკეთა დღეს, რომელიც ამომრჩევლის მობილიზაციას ისახავს მიზნად. მეტი არაფერი“, – აცხადებს ხუხაშვილი. 

„ჰამოვიდეს, რა ვქნა“ – კალაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე

magti 5g