ილონ მასკის განცხადებით, სამედიცინო სფერო უახლოეს წლებში რადიკალურ ცვლილებებს განიცდის და შესაძლოა სამედიცინო სკოლაში სწავლაც კი აღარ იყოს აუცილებელი. ამის შესახებ მან ისაუბრა Moonshots პოდკასტში, რომლის წამყვანი ინოვაციების მოყვარული პიტერ დიამანდისია.
მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ქირურგიული რობოტები შესაძლოა ადამიან ქირურგებზე უკეთესებიც კი გახდნენ, თანაც მომდევნო სამ წელიწადში. მისი განმარტებით, რობოტებს არ ახასიათებთ დაღლა, შეუძლიათ უწყვეტად მუშაობა და გამოირჩევიან უკიდურესად მაღალი სიზუსტით – რასაც ქირურგიაში გადამწყვეტი მნიშვნელობას ატარებს აქვს.
მაგალითად, მასკმა დაასახელა საკუთარი კომპანიის, Neuralink-ის ქირურგიული რობოტი, რომელიც უკვე გამოიყენება ტვინის იმპლანტაციის პროცესში და უკიდურესად რთულ და დელიკატურ ოპერაციებს ასრულებს. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მსგავსი ტექნოლოგიები სამედიცინო პრაქტიკაში უფრო ფართოდ დაინერგება.

მასკის განცხადებამ პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებში აქტიური დისკუსია გამოიწვია – შეძლებენ თუ არა რობოტები მომავალში ექიმების სრულად ჩანაცვლებას, თუ ისინი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტებად დარჩებიან. ბევრი ექსპერტის აზრით, უახლოეს პერიოდში უფრო რეალისტური სცენარი ადამიანისა და AI-ის თანამშრომლობაა, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი მედიცინის ტრადიციულ მოდელს აშკარად ცვლის.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება დიაგნოსტიკაში, გამოსახულებების ანალიზში და ქირურგიული დაგეგმვის პროცესში, რაც მედიცინას უფრო სწრაფს, ზუსტსა და ეფექტურს ხდის. მასკის პროგნოზი კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ AI-ის გავლენა არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ სოციალურ და პროფესიულ სტრუქტურებშიც სწრაფად იზრდება.
