Tesla–ს დამაარსებელმა ილონ მასკმა კალიფორნიაში მდებარე ქარხნის ამუშავება გადაწყვიტა. მიუხედავად შტატში შემოღებული მკაცრი აკრძალვისა, ბიზნესმენს ელექტრომობილების წარმოების განახლება სურს. თანაც, ის მზადაა რომ კანონის დარღვევისთვის პასუხი აგოს და თუ საჭიროა ციხეშიც წავიდეს.
კალიფორნიაში მდებარე „ტესლას“ საწარმო, სადაც Model Y–ს, Model 3–ს, Model X–სა და Model S–ს აწყობენ, 23 მარტიდან გააჩერეს. შტატის ტერიტორიაზე ერთადერთ საავტომობილო ქარხანაში 10 ათასამდე ადამიანი იყო დასაქმებული. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის უგულვებელყოფა კი ჯარიმას ან 90 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ტესლას“ იურისტებმა სასამართლოსაც მიმართეს, რათა კალიფორნიის შტატის ქმედება უკანონოდ ეცნოთ, რაც საწარმოს მუშაობის უფლებას მისცემდა. მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
