LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმავე საღამოს წინასწარი განზრახვით მოსპეთ ყველანაირი მტკიცებულება.. საზოგადოებაში ცდილობენ ჩემს დამნაშავედ წარმოჩენას“ – ლაშა ფურცხვანიძე სასამართლოზე

186
ლაშა ფურცხვანიძე

„გულგრილობა მძიმე დანაშაულია და არაფრის მიმართ გულგრილი არასდროს ვყოფილვარ“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა.

სასამართლოს სიტყვით გამოსვლისას, ფურცხვანიძემ შემთხვევის ადგილზე დანაშაულის კვალის წაშლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანი ფორმალურად დამნაშავის გამოკვეთაა:

„ბრალად მდებენ, რომ 150-ლარიანი რელეს დაზოგვის გამო შევიწირე ბავშვის სიცოცხლე და საზოგადოებაში ცდილობენ ჩემს დამნაშავედ წარმოჩენას. ჩემი მშობლები ბავშვობიდან ცდილობდნენ, ჩემთვის შთაეგონებინათ, რომ საშინელებაა ცნებები „ეს მე არ მეხება”, „ეს ჩემი საქმე არაა“.

მიხსნიდნენ, თუ ადამიანისთვის სხვისი გასაჭირი ისეთივე ტკივილის მომტანი არ არის, როგორც საკუთარი, მაშინ ის ადამიანი ადამიანი არ არის. რაც გავიზარდე, ამის მერე არაერთხელ გადამიხდია მადლობა ჩემი მშობლებისთვის და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები. ასე გამზარდეს.

ლაშა ფურცხვანიძე მოსამართლეს: „არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ“

დღეს მყავს სამი შვილი – 26 წლის, 23 წლის და 15 წლის. პატარაობიდანვე ჩემს შვილებს ვუხსნიდი, როცა გაიზრდებოდნენ, ეცხოვრათ ისე, როგორც მოისურვებდნენ. მაგრამ მე, როგორც მათი მამა და იმავდროულად მეგობარი, მინდა, ვთხოვო, რომ გულგრილობა, რაშიც არ უნდა ყოფილიყო გამოვლენილი, ეს არის ადამიანის ყველაზე საშინელი თვისება.

მე, როგორც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ იმას, რასაც თქვენ ასე უნიჭოდ ცდილობთ, დამაბრალოთ, ვერ დამაბრალებთ, რადგან ჩემს გაუთავებელ თხოვნებზე, გამოგეძიებინათ ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ.

იმიტომ, რომ თქვენ თავგამოდებით ცდილობთ და ცდილობდით, არ დაგეკითხათ ის ჩინელი ინჟინერი, რომელიც თვე-ნახევარი ამონტაჟებდა აპარატურას აღნიშნულ შადრევანზე. არ დაკითხეთ ადამიანი, რომლის გარდა არავის არ შეუძლია, გასცეს პასუხი ჩემთვის და საზოგადოებისათვის ყველაზე საინტერესო კითხვას პასუხი – რა გახდა ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზი.

მე პირადად მაინტერესებს ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზები. იმიტომ კი არა, რომ მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ, თქვენგან განსხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი.

ფურცხვანიძე - თავს დამნაშავედ არასდროს ვცნობ.. ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ

„თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული, რაც 5 თვის მერე ვნახე, მე-6 კლასის ფიზიკის მოსწავლე არ გააკეთებს, რაც იქ წერია.“

თქვენ კი გაინტერესებთ მხოლოდ ის, რომ ფორმალურად დამიმტკიცოთ თქვენ მიერვე გამოგონილი ბრალდება და იმაზეც კი არ იწუხებთ თავს, საზოგადოებას დააჯეროთ თქვენი გამოგონილი ვერსია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რაიმე მაინც გამოვიძიოთ ამ ტრაგედიაში რეალურად.

თქვენ იმედი გაქვთ, იმ რვა ადამიანიდან, რომლებიც ჩემთან ერთად გაამწესეთ გლდანის ციხეში, რომელიმე მაინც გატყდება, დაეცემა და აღიარებს არჩადენილ დანაშაულს და სხვებს დაადებს ასევე ხელს. არ მიყვარს დაპირებები, მაგრამ გპირდებით, რომ ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედი“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

როგორც ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე გამოძიებამ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები წაშალა:

„ეს ტრაგედია ჩვენთვის საშინელებაა, თქვენთვის კი – მხოლოდ ფორმალური გარემოებები. ის, რაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის უბედურებაა, თქვენთვის მხოლოდ ფურცელზე გამოტანილი განაჩენია.

ერთადერთი სურვილი მაქვს, გავიგო, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენი ქმედებები, უფრო სწორად უმოქმედობა, არანაირ იმედს არ მიტოვებს, რომ ოდესმე გავიგებთ რამეს.

იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგეცვათ ტრაგედიის ადგილი, იმავე საღამოს წინასწარი განზრახვით მოსპეთ ყველანაირი მტკიცებულება და ისე დააზიანეთ ყველაფერი, რომ ვერ აღდგენილიყო პირვანდელი სურათი.

იმის ნაცვლად, რომ შეგესწავლათ, თქვენ წაშალეთ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ჩემი ადვოკატები ცოტა თავს იკავებენ ამ სიტყვაზე, მე პირდაპირ გეტყვით, რომ წაშლილია.

გისურვებთ, წარმატებით ჩაგეტარებინოთ ეს წარმოდგენა, მე კი, ჩემი მხრივ, გეტყვით, რომ იოტისოდენადაც არ მეშინია თქვენი სასჯელის და ბრალდების. ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და დანარჩენი რვა ადამიანის მსაჯული და არა – თქვენ.“ – განაცხადა ფურცხვანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g