საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, იმედი მაქვს, ჩემს კანდიდატურას ექნება მხარდაჭერა, რადგან კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარდა, არსებობს გამოცდილება, მიღწევები, რომლებსაც ცესკო-მ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია, – ამის შესახებ ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტისთვის ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების გადაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.
მისივე თქმით, ინსტიტუციის სტაბილურობისთვის, მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, იყოს გრძელვადიანი ხელმძღვანელი, რომელიც წარმატებით განახორციელებს პროექტებს, რეფორმას, ტრანსფორმაციას იმისთვის, რომ ინსტიტუცია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ის კითხვები და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ გამოითქმის.
„მედალს აქვს ორი მხარე. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ადმინისტრაციაში იყო პოზიტიური ძვრები, ეს არის გამოხმაურება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც ხაზგასმით აღნიშნულია საზოგადოებისთვის ცნობილ საერთაშორისო კვლევების დასკვნებსა და ანგარიშებში.
კითხვის ნიშნები და სერიოზული კითხვის ნიშნები ჩემს და ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ არჩევნების დროს არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარია ის კითხვები, წუხილი, კრიტიკა, რომელიც ჩემი კანდიდატურის მიმართ მოდის, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი. მთავარია, დღეს ჩვენ ვიყოთ კონსტრუქციულები, კრიტიკა, ბუნებრივია, ჯანსაღი პროცესის ნაწილია, მაგრამ ეს უნდა იყოს საფუძველზე დაყრდნობით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.