12-13 დეკემბერს, თბილისი „საბავშვო ევროვიზია 2025“-ს უმასპინძლებს. საქართველოს სახელით „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარდგება. საბავშვო ევროვიზიას ორგანიზებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უწევს. ევროპის ყველაზე დიდი საბავშვო კონკურსის დეტალებთან დაკავშირებით ახლახან პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც „პირველი არხის“ დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ესწრებოდნენ.
რადიო „ფორტუნას“ ღონისძიებასთან დაკავშირებით ესაუბრნენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელები.
თინათინ ბერძენიშვილი:
„12 და 13 დეკემბერს ჩვენი ბავშვებისთვის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება. 12 დეკემბერს 18 ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი წარმოაჩენს თავის ქვეყანას, დროშას, ენასა და კულტურას. ჟიური 18-ვე ქვეყნიდან შეაფასებს და გამოავლენს საუკეთესოს. უკვე 13 დეკემბერს კი, საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში, მესიჯებისა და ჟიურის დაჯამებული ქულებით, ჩატარდება იგივე კონცერტი და გამოცხადდება „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდება საქართველოდან.
ამ დღეებში ქართველი ბავშვები იქნებიან ამაყები და ბედნიერები. ვფიქრობ, ეს ღონისძიება მათთვის დაუვიწყარი წინასაახალწლო საჩუქარი იქნება.
ღონისძიება არის მასშტაბური, 1-ლი დეკემბრიდან 18 ქვეყნის დელეგაცია, ასევე მედიის წარმომადგენლები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში და უკვე დიდი მზადება მიმდინარეობს.
რუსუდან მანჯგალაძე:
„ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური შოუ ყოველდღე არ იმართება და 1-ლი დეკემბრიდან მსურველებისთვის იწყება ბილეთების გაყიდვა. „ევროვიზიაზე“ დასაჯდომი და დასადგომი ბილეთები გაიყიდება. 12 და13 დეკემბერს ერთი და იგივე შოუ იქნება, უბრალოდ, 13 დეკემბერს გადაიცემა პირდაპირი ეთერით. საქართველოს მხარე ეცადა, რომ ბილეთებზე მინიმალური ფასები დაწესებულიყო. ორივე კონცერტზე, ჯამში, 6000-მდე ადამიანს ექნება დასწრების საშუალება.
კულტურის სამინისტრო ამ ღონისძიების მთავარი ლოკომოტივია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩართულია აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები სხვანაირად ვერც იგეგმება და ვერც ტარდება.
ტურიზმის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვიცით, რომ დაჯავშნილია უამრავი სასტუმრო, ინტერესი არის ძალიან დიდი.
ბოლო მონაცემებით, „საბავშვო ევროვიზიას“ 70-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. იმედია, ჩვენ ისეთ შოუს შევთავაზებთ მაყურებელს, რომ უფრო გაიზრდება აუდიტორია მთელი ევროპის მასშტაბით…“
