LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში ტყემლისა და თხილის ახალი ხეხილის ბაღები გაშენდა

782

იმერეთის რეგიონში 71 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 11 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 380 000 ლარი.

როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს, იმერეთში: ვანის, წყალტუბოს, ზესტაფონის, და სამტრედიის რაიონებში 70 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ტყემალი, ხურმა, ლურჯი მოცვი , თხილი და კაკალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1172 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 5.7   მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის  ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

magti 5g