LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმისათვის, რომ სოციალურად და ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანა, ასეთი ინვესტიციები საჭიროა“ – პირველად საქართველოში, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

22
ქრისტი-ლია (1)

პირველად საქართველოში, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება 28-29 ივნისს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასშია“ დაგეგმილი. კონფერენციას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), გავლენის ფონდი „აქციო“ და ევროპის ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ევროკომისიის მხარდაჭერით ახორციელებს. კონფერენციასთან დაკავშირებით, „ბიზნესნიუსის“ ეთერში გავლენის ფონდი „აქციოს“ მენეჯერმა ქრისტინე კანდელაკმა და სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დირექტორმა ლია ტაბატაძემ ისაუბრეს. 

 

პირველ რიგში განვმარტოთ, რას გულისხმობს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება და რით განსხვავდება კლასიკური საინვესტიციო საქმიანობისგან?

ქრისტინე კანდელაკი:

მადლობა მოწვევისთვის და თემით დაინტერესებისთვის. გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება გულისხმობს სოციალური მიზნის მქონე ორგანიზაციებში ინვესტირებას, დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით. ტრადიციული ინვესტირებისგან განსხვავებით, აქ მნიშვნელოვანია სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის  შექმნა და ამასთანავე, გარკვეული ფინანსური უკუგების მიღება. ასევე, გავლენის ინვესტორები მუშაობენ სამი ძირითადი მიდგომით და ზუსტად ეს მიდგომებიც განასხვავებს მათ ტრადიციული ინვესტორებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან. ეს არის საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების მექანიზმები და ეს მექანიზმები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: კაპიტალი, გრანტი, სესხი და ა.შ. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ტექნიკური დახმარება და სოციალური გაძლიერება. მესამე არის სოციალური გავლენის დაგეგმვა, მართვა და შეფასება. ასეთი საინვესტიციო ფონდები უმეტესწილად სოციალურ საწარმოებს და ზოგადად, სოციალური მიზნებით შექმნილ ბიზნესებს უწყობს ხელს.

რა შესაძლებლობაა დაგეგმილი კონფერენცია ბიზნესითა და საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ კომპანიებისთვის და რას ცვლის ქვეყანაში?

ქრისტინე კანდელაკი:

კონფერენცია გაიმართება 28-29 ივნისს ევროკავშირის დაფინანსებით. კონფერენციაზე გვეყოლება 100-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი, ასევე, რა თქმა უნდა, ვიწვევთ ქართულ აუდიტორიასაც. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება ევროპაში არსებულ ტენდენციებზე, გავლენის ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილ გამოცდილებაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება და ეს ეკოსისტემა ძალიან მრავალფეროვანია. კომპანიებისთვის საინტერესო იქნება იმიტომ, რომ ევროპაში ძალიან ბევრი კომპანია თვითონ ქმნის და მართავს გავლენის ფონდებს. ეს გამოცდილება საქართველოსთვის ჯერ ძალიან ახალია. ასევე, გავლენის ინვესტიციების სფერო საინტერესოა ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და სტრატეგიულად უყურებენ ამ მიმართულებას. ისეთი გავლენის ფონდებში, როგორც ჩვენ ვართ, როგორიც არის „აქციო“, ინვესტირება ხელს უწყობს მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიების განხორციელებას. ზოგადად, ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, იმისათვის, რომ სოციალურად და ეკონომიკურად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა, ასეთი ინვესტიციები საჭიროა და კიდევ უფრო შეუწყობს ამას ხელს.

 

„ბაბალე“ ერთ-ერთი ის სოციალური საწარმოა, რომელიც „აქციოს“ პორტფელში შედის. პირველ რიგში, თქვენი საწარმოს შესახებ მოგვიყევით, რას საქმიანობთ და რა შედეგებს მიაღწიეთ ამ დრომდე?

„ბაბალეს“ დირექტორი ლია ტაბატაძე:

მადლობა მოწვევისთვის. „ბაბალე“ უკვე 9 წლის გახდება. თავდაპირველად, რამდენიმე მშობელმა დავიწყეთ. მაშინ ჩვენი შვილები ძალიან პატარები იყვნენ. მათ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა. ყოველთვის როცა ვფიქრობდით მათ მომავალზე, ძალიან ბუნდოვანი იყო. დღესაც ბევრი ბუნდოვანებაა, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე ავიღეთ პასუხისმგებლობა და ერთ-ერთი ეს მიმართულებაა „ბაბალე“ ჩვენთვის, რომელიც საბოლოოდ იქცა როგორც სოციალური საწარმო, დაფუძნდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ, რომელსაც ასევე, ვხელმძღვანელობ. „ბაბალეს“ მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენს შვილებს შეუწყოს ხელი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, ადამიანებმა შეძლონ სხვადასხვა უნარის განვითარება, დასაქმება და ამაში ღირსეული ანაზღაურების აღება. საწყის ეტაპზე, როგორც ტრადიციულ ბიზნესზე, უფრო ბევრს ვმუშაობდით. თუ ბიზნეს საქმიანობას ვერ ავითარებ, ვერც სოციალური მიზნები იქნება სიცოცხლისუნარიანი. ამისთვის, ბევრი წელი დაგვჭირდა, ძალიან მცირედით დავიწყეთ სტარტაპი, უზარმაზარი შრომა და ენერგია ჩაიდო ამ ყველაფერში. დღეს თამამად შემიძლია ვილაპარაკო „ბაბალეზე“, როგორც ჩვეულებრივ ბიზნესზე, რომელსაც აქვს თავისი სოციალური მიზნები და დღეს უკვე „ბაბალეს“ შეუძლია, რომ უფრო ეფექტურად განახორციელოს ის მისია, რაც აქვს. ჩვენ უკვე სხვადასხვა პროგრამების და მიმართულების დანერგვა დავიწყეთ, სადაც 10 წლიდან შემოდიან ბავშვები, არტთერაპიის სახით, შემდეგ გადადიან პროფესიულ საფეხურებზე, პროფორიენტაციაზე, წინა პროფესიულზე და საბოლოოდ გადადიან დასაქმების ეტაპზე.

რა სარგებელს იღებთ გავლენის ფონდ „აქციოსთან“ თანამშრომლობით და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური საწარმოებისთვის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ეკოსისტემის განვითარება?

ლია ტაბატაძე:

პირველ რიგში, ჩვენი სარგებელი არის ფინანსური. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც სჭირდება ფინანსები გაფართოებისთვის და გაზრდისთვის, იქნება პროდუქცია თუ სხვა ტიპის მიმართულება, გააჩნია, რა მომენტში რა საჭიროება უდგას. ტრადიციულ ბიზნესს შეუძლია საბანკო სესხი აიღოს, რაღაც ვალდებულებები გაიჩინოს, დააბრუნოს ეს თანხა და შემდეგ განავითაროს საქმიანობა. სოციალურ მეწარმეებს გვაქვს ის გამოწვევა ქვეყანაში, რომ სესხის აღება და ბანკთან თანამშრომლობაც რთულია. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური პასუხისმგებლობაც თავისთავად ღირებულია და იქაც ბევრი რესურსი მიდის, სოციალურ საწარმოებს უჭირთ მაღალი პროცენტით უკან დაბრუნება. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს საბანკო სისტემას არ გააჩნია არანაირი მიდგომა, მაგალითად, აიპის მიერ დაფუძნებულ შპს-ს როგორ შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს, ასეთ პრობლემას გადავაწყდით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვართ, როგორც ბიზნეს ოპერატორი, საბანკო ანგარიშები გვაქვს, ხედავენ ჩვენს ბრუნვას, ფინანსური მხარდაჭერა მათი საბანკო ინსტიტუციების მხრიდან ვერ ხორციელდება. შესაბამისად, სოციალური გავლენის მქონე ფონდის მიერ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თან აღსანიშნავია, რომ ეს ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთის გარეშე კეთდება, ვიღებთ თანხას და რაღაც პერიოდის შემდეგ ვაბრუნებთ უკან, ყოველგვარი პროცენტის და დანამატის გარეშე.

 

როგორ მუშაობსაქციო“ და რით გამოირჩევა სხვა ფონდებისგან? 

ქრისტინე კანდელაკი:

„აქციო“ მუშაობს გავლენის მქონე ინვესტირების პრინციპებზე დაფუძნებით. გვაქვს ფინანსური მხარდაჭერა სოციალური საწარმოებისთვის, მხარს ვუჭერთ უკვე მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებსაც სურთ გაფართოება როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. ლიამ აღნიშნა ჩვენი სესხის მექანიზმი, გვაქვს 0%-იანი სასესხო მექანიზმი სოციალური საწარმოებისთვის და ასევე, საგრანტო მხარდაჭერა, ჯამურად 50 000-მდე ევროს ოდენობით. ამასთან, ვთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერას და სოციალური გავლენის შეფასების მიმართულებითაც ვმუშაობთ. „აქციოსთვის“ მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს ისეთ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც შრომითი ინტეგრაციის და განათლების, გარემოს დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით მუშაობენ. „აქციოს“ მუშაობის პრინციპებში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ინვესტორების როლი. ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, რა თქმა უნდა, ევროკავშირი, თუმცა ვცდილობთ, ადგილზე განვავითაროთ ეს ეკოსისტემა და მოვიზიდოთ ადგილობრივი ინვესტორები. გვაქვს უკვე წარმატებები, გვყავს ორი გავლენის ინვესტორი და ერთი გავლენის პარტნიორი, მაგალითად, ბატონი ნიკოლოზ ალავიძე არის ჩვენი პირველი კერძო ინვესტორი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, რომლებმაც პირველებმა დაუჭირეს მხარი ჩვენს ფონდს.

 

ვინ შეიძლება გახდეს გავლენის ფონდის ინვესტორი? და როგორია საბოლოო სამზადისი კონფერენციამდე?

ქრისტინე კანდელაკი:

გავლენის ფონდის ინვესტორობა შეუძლიათ როგორც კერძო პირებს, ისე კომპანიებს, რომლებიც გულშემატკივრობენ სოციალურ საწარმოებს და რომლებსაც სურთ, შექმნან დადებითი გავლენა მდგრადი მიდგომებით. მათი მხარდაჭერა რეალურად უზრუნველყოფს იმას, რომ გაძლიერდეს 10-მდე სოციალური საწარმო და მათ შეაქვთ წვლილი ისეთ ცვლილებებში, როგორიცაა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დასაქმება, განათლება, ნარჩენების მართვა, გადამუშავება, გარემოს დაცვა და ა.შ. რეალურად, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს მდგრადი და გრძელვადიანი სოციალური გავლენის მოხდენა.

რაც შეეხება კონფერენციას, უკვე გვყავს 200-მდე რეგისტრირებული დელეგატი კონფერენციაზე, ძალიან ცოტა დრო რჩება რეგისტრაციისთვის. ქართული აუდიტორიიდან ვეპატიჟებით, ძირითადად, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საინვესტიციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, ძირითადად ზედა დონის მენეჯმენტს, რომლებიც ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას იღებენ. კონფერენციის გახსნამდე გვექნება ე.წ. Impact for Breakfast („გავლენა საუზმეზე“). ეს არის ღონისძიება საერთაშორისო ფორმატით, სადაც მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის გავაზიარებთ ევროპაში მოქმედი სხვადასხვა სახის გავლენის ფონდების გამოცდილებას. ასე დავიწყებთ კონფერენციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g