კალმატრონი (KALMATRON) ჰიდროსაიზოლაციო მასალაა, რომელიც მსოფლიომ აშშ-დან გაიცნო. ეს არატოქსიკური პროდუქტი საქართველოში 2006 წლიდან გახდა ხელმისაწვდომი, ზუსტად ხუთის წლის შემდეგ კი მისი ადგილობრივად წარმოება გახდა შესაძლებელი. ამ ყველაფრის სათავეში ჰოლდინგი „კალმატრონჯორჯია“ დგას, რომელმაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის არაერთგზის მოიპოვა ავტორიტეტული კომპანიების ჯილდოები, მათ შორის საქართველოსა და საერთაშორისო ბიზნესასოციაციების მიერ. ცოტა ხნის წინ კალმატრონის ხარისხი და საიმედოობა Golden Brand Award-ზე კიდევ ერთხელ გამოირჩა – ჰოლდინგი „კალმატრონჯორჯია“ 2024 წლის საუკეთესო ბრენდად აღიარეს.
სოსო ჩხაპელია, ჰოლდინგის „კალმატრონჯორჯია“ დამფუძნებელი და დირექტორი:
– როგორც წესი, ჯილდოს მიღება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ როცა მომხმარებელთა გამოკითხვის საფუძველზე წლის საუკეთესო ბრენდად გაღიარებენ, ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციის გათვალისწინებით, ეს ორმაგად სასიამოვნოა. ჯილდო ნიშნავს შრომის დაფასებას, ამიტომ დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში და ჰიდროსაიზოლაციო მასალებს შორის არჩევანი კალმატრონის სასარგებლოდ გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა GOLDEN BRAND-ის ხელმძღვანელობას.
– ბატონო სოსო, ბოლოს ერთი წლის წინ შევხვდით პირდაპირ ეთერში, შესაბამისად, ამ ერთი წლის განმავლობაში დაგროვებული სიახლეების შესახებ გავამახვილოთ ყურადღება.
– სიამოვნებით. ჩვენი კომპანია მუდამ ძიების პროცესშია და ბევრი სიახლე და გეგმა გვაქვს, მათ შორის ამბიციურიც, თუმცა მანამდე კალმატრონის სარგებლიანობაზე კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას. კალმატრონის ბეტონში დანამატის სახით გამოყენებით მიიღება: წყალგაუმტარი, ყინვამედეგი ბეტონი (უძლებს -70 გრადუსს) და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, კალმატრონმინარევი ბეტონი, მინიმუმ, 10-ჯერ ახანგრძლივებს ბეტონის ექსპლუატაციის ვადას ნებისმიერ აგრესიულ გარემოში – კალმატრონი ზრდის ბეტონის სიმტკიცეს და სიმკვრივეს 50%-დე. ასევე, კალმატრონს გააჩნია ბიოციდური თვისებები, რისი წყალობითაც გამოიყენება სასმელი წყლის საცავებში, სარწყავ არხებში, საცურაო აუზებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ კალმატრონს არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია. ცნობისთვის, რაც უფრო დაბალი მარკიანობის ბეტონში იქნება გამოყენებული კალმატრონი დანამატის სახით, მით უფრო მაღალია მარგი კოეფიციენტის ეფექტი.
რაც შეეხება სიახლეებს, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ბაზრის მოთხოვნაა ხარისხი, ფასი და შედეგი, ყველა ამ კომპონენტის დასაკმაყოფილებლად მომხმარებლისთვის უნივერსალური სერვისის შეთავაზება გადავწყვიტეთ, რაც გულისხმობს პარტნიორობას პასუხისმგებლობის აღებით. ანუ ბაზარს ვთავაზობთ არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებულ ხარისხიან პროდუქტს, არამედ საბოლოო შედეგს მისაღებ ფასად. კერძოდ, ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას ან კერძო პირს, ვინც იწყებს მშენებლობას, ვთავაზობთ, თავიდანვე ერთად დავგეგმოთ და განვახორციელოთ სამშენებლო სამუშაოები. მოგეხსენებათ, სარდაფებში, მიწისქვეშა ავტოსადგომებში, ლიფტის შახტებში გრუნტის წყლების შემოდინება დიდ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ გვინდა, რომ ერთობლივი, კომბინირებული მიდგომით ეს პრობლემა აღმოიფხვრას. ჩვენი უნივერსალური სერვისის ფარგლებში, ხელშეკრულების თანახმად, „კალმატრონჯორჯია“ იღებს ვალდებულებას, პარტნიორს მიაწოდოს საკუთარი პროდუქცია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), ჩვენი სპეციალისტები, კომპეტენტური და კვალიფიციური კადრები ზედამხედველობისთვის ჩართოს ჯერ ბეტონმზიდ მიქსერში შესაბამისი რაოდენობის კალმატრონის შერევის, შემდგომ კი ბეტონის ზედაპირის მოსწორების პროცესში (ცივი ნაკერების, კუთხეების და ნასვრეტების დამუშავება). აღნიშნული ტექნოლოგიით დამუშავებული შენობა სამუდამოდ იქნება წყალშეუღწევადი, ანუ მშრალი. „კალმატრონჯორჯია“ პარტნიორს აძლევს, მინიმუმ, 5 წლიან გარანტიას, მაგრამ თუ საგარანტიო ვადის ფარგლებში შენობას შეექმნება გრუნტის წყლების ან წყალსაცავიდან წყლის გამოჟონვის პრობლემა, ჩვენი კომპანია კისრულობს ვალდებულებას, საკუთარი ძალებით და სახსრებით აღმოფხვრას გაჩენილი პრობლემა. ერთადერთი, რაზეც ვერ ვაგებთ პასუხს, სტიქიური უბედურებაა.
– აღნიშნული სერვისი თუ გაქვთ უკვე აპრობირებული?
– დიახ, მსგავსი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 ივნისს შპს „სამშენებლო კომპანია ალფასთან“ გავაფორმეთ, რომელიც ჩხოროწყუში „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურს აშენებს. ამოცანა იყო, რომ ცისტერნების მიწისქვეშა საცავი საიმედოდ ყოფილიყო დაცული გრუნტის წყლებისაგან. ხელშეკრულების თანახმად, ჩხოროწყუში ჩავიტანეთ 80 მ3 ბეტონში დასამატებლად შესაბამისი რაოდენობის KALMATRON-D. აღსანიშნავია, რომ ბეტონის ფილის ჩასხმის პროცესს ესწრებოდა „გალფის“ სათაო ოფისის წარმომადგენელი მშენებლობის დარგში, ზუგდიდის ბეტონის ქარხნის მეპატრონე და სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა. ბეტონის ფილის დასხმა, რომლის სისქე 40 სმ იყო, დასრულდა 16:00 საათზე და 3 საათში ბეტონმა მოითხოვა მორწყვა, ანუ მასზე გადაადგილება უკვე თავისუფლად იყო შესაძლებელი. სამუშაოს მწარმოებელმა გადმომცა „გალფის“ წარმომადგენლის და ზუგდიდის ბეტონის ქარხნის მეპატრონის სიტყვები, რომ ჩვენს კომპანიასთან ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის არიან მზად. ბუნებრივია ჩვენთვის, როგორც კალმატრონის მწარმოებელი კომპანიისთვის ეს ფაქტი ძალზედ სასიამოვნოა.
– მომხმარებლის კმაყოფილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხარისხთან ერთად, პროდუქტის და სერვისის ფასის თვალსაზრისით ხელმისაწვდომობაცაა. ამ მხრივ როგორია კომპანიის პოლიტიკა?
– ფასი, ყოველ ჯერზე, მოლაპარაკების საგანია, თუმცა გარანტირებული შედეგიდან გამომდინარე, დამკვეთისთვის ფასი მისაღები ხდება – როცა შენობა-ნაგებობა სოკოსა და ნესტისგან თავიდანვე, სამშენებლო პროცესიდანვე იქნება დაცული, მომხმარებელი სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს, მით უფრო, რომ სამშენებლო სამუშაოებში კალმატრონის მცირე რაოდენობა გამოიყენება, ის თვალსაჩინოდ ეკონომიური მასალაა. ჩვენი მაქსიმალური ფასი 190 ლარია 20 კგ-იან შეფუთვაზე, შესაბამისად, 9.5 ლარი გამოდის 1 კგ-ის ფასი. მაგალითად, თუ სამშენებლო მასალაში 2 კგ კალმატრონს გამოვიყენებთ 3 სმ-იანი კედლის გასალესად, 5-6 კვ.მ-ს დავფარავთ, შესაბამისად, საკმაოდ იაფად უზრუნველვყოფთ მაღალ ხარისხს, დაცულობას სოკოსა და ნესტისგან.
– დასაწყისში ამბიციური გეგმები ახსენეთ და ამ თვალსაზრისით რისი გამხელის შესაძლებლობა გაქვთ ახლა ჩვენთვის?
– ჩვენი კომპანიის მიზანია, შევქმნათ მოდერნიზებული ცემენტი, რომელსაც ექნება ზემოთ აღწერილი ტექნიკური მახასიათებლები – წყალგაუმტარობა, ყინვამედეგობა, სიმტკიცე და ა.შ. ამ მიზნით, რამდენიმე კვირის წინ, ცემენტის მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობას მივმართეთ წინადადებით, ექსპერიმენტის დონეზე შევქმნათ კალმატრონის კომპონენტით გამდიდრებული ცემენტი და ჩავატაროთ ლაბორატორიული ცდები. მე, როგორც კალმატრონის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც 19 წლიანი გამოცდილება გააჩნია, დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ხარისხის მოდერნიზებულ ცემენტს მივიღებთ, რომლის გამოყენება ბეტონში, მოჭიმვაში, ლესვაში, წებოცემენტის წარმოებაში დადებითად აისახება როგორც მომხმარებლის ბიუჯეტზე, ასევე შედეგზე – მოდერნიზებული ცემენტის წარმოების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ არა მხოლოდ მზა პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება, არამედ მისი გამოყენება იქნება უფრო კომფორტული, შესაბამისად, მოდერნიზებული ცემენტი მოთხოვნადი იქნება როგორც სამშენებლო კომპანიების, ასევე კერძო სექტორის მიერ. ცემენტის ქარხნის ხელმძღვანელობას იდეა მოეწონა, თუმცა, ვინაიდან ამჟამად მშენებლობის სფერო პიკში შედის, შევთანხმდით, რომ აღნიშნულ საკითხს წლის ბოლოს დავუბრუნდებით.