ერთწლიანი პაუზის შემდეგ აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა. საწარმოში 500 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველდღიურად ქარხანა 500 ტონამდე შაქარს აწარმოებს. წლის ბოლომდე ქარხანას 60-65 ათასი ტონა შაქრის წარმოება აქვს დაგეგმილი, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
საწარმოს განახლებისთვის 300 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, მოხდა გადაიარაღება და ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.
„აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ფასებზეც”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად აგარის ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობას როგორც კონკრეტული რეგიონის, ისე მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით პანდემიის გამო არსებული ეკონომიკური ვითარების პირობებში.
„ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიმართულია ქართული წარმოების მეტად განვითარებისკენ და იმპორტის უფრო მეტად შემცირებისკენ. აგარის ქარხნის მიერ წარმოებული შაქარი დაახლოებით 50 პროცენტით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს. ეს აისახება ფასების მისაწვდომობაზე და მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს ბაზარზე. 500 ადგილობრივი ოჯახი, რომლის წარმომადგენლებიც აქ არიან დასაქმებული, მიიღებს შემოსავალს და სიკეთეს ამ წარმოებიდან”, – განმარტა ნათია თურნავამ.