დექსამეტაზონი კორონასგან “გადაგარჩენთ” – ასეთი სტატიები გამოქვეყნდა გუშინ წამყვანი მსოფლიო პრესის გვერდებზე.
ახალი ინფორმაციით „დექსამეტაზონმა“ სამჯერ შეამცირა სიკვდილის რისკი ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პაციენტებში, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადს იღებენ, რისკები დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა.
„დექსამეტაზონი“ მონაწილეობს მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე კვლევაში, რომლის
მიზანიც უკვე არსებული ისეთი წამლების პოვნაა, რომლებსაც კოვიდ-პაციენტების განკურნება, მდგომარეობის შემსუბუქება ან მკურნალობის ვადის შემცირება შეუძლიათ. კვლევის ფარგლებში მეცნიერები არაერთ მედიკამენტს სწავლობენ. ბიბისი: „დექსამეტაზონს“ მძიმე კოვიდ-პაციენტების გადარჩენა შეუძლია“
„დექსამეტაზონი“ ერთადერთი პრეპარატია, რომელმაც უჩვენა, რომ რეალურად შეუძლია სასიკვდილო რისკების შემცირება, სწორედ ამიტომ ამ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ბრიტანელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ „დექსამეტაზონს“ შეუძლია ორგანიზმის იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციის, ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ კონტროლი და ანთებითი პროცესების შემცირება.
ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სავარაუდოა, რომ როგორც “პლანქვენილი”, “დექსამეტაზონიც” იმაზე პოპულარული გახდება, ვიდრე იყო და სააფთიაქო ქსელებში მისი შოვნა გაჭირდება.
მათ ვისაც თვითმკურნალობა უყვართ, უნდა გაითვალისწინონ ის, რომ “დექსამეტაზონი” ძლიერი ჰორმონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასუქებს, თმიანობას იწვევს, სტრიებს აჩენს, უარყოფითად მოქმედებს თირკმლისზედა ჯირკვალზე, იმუნიტეტს აქვეითებს და ა.შ.
მისი მიღება მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში შეიძლება, ხოლო პრევენციისთვის ამ ჰორმონის გამოყენება დაუშვებელია.
ექიმი ნინო ჯანგავაძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ამ წამლის მიღებისას (როგორც ტაბლეტირებული, ისე ინექციის დროს) დიდი სიფრთხილეა საჭირო.
“დექსამეტაზონი ჰორმონია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი დაავადების მქონე (თუნდაც შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიკებისთვის) პაციენტებისთვის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითნებურად გამოყენება. წამლის არათუ დანიშვნა, მოხსნაც კი სიფრთხილით ხდება. იმის მიუხედავად, რომ ალერგიის საწინააღმდეგოდაც იყენებენ, შესაძლოა, ამ მედიკამენტზე მძიმე ალერგიული ფონიც განვითარდეს” – აცხადებს ნინო ჯანგავაძე.
რაც შეეხება კორონავირუსის დამარცხებას, აქამდეც უამრავი პრეპარატი გამოსცადეს, თუმცა მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თან საბოლოოდ ამ ვირუსის დამარცხება რომელიმე პრეპარატით ჯერჯერობით შეუძლებელია.
ასე რომ, თუ კოვიდ-19-ის ნიშნები გექნებათ, აფთიაქის ნაცვლად, ჯობს ექიმს მიმართოთ.