LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმუნიზაციის მარათონი” – რეგიონებში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა იწყება

95
1

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოფლის დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებას აქტიურად გეგმავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

რეგიონებში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მობილური ბრიგადები გაიგზავნება, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 15 ოქტომბრიდან ექნებათ საშუალება, დაიწყონ ვაქცინაციის მარათონი “სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის”:

“ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებთა კონტროლის ცენტრი აქტიურად გეგმავს სოფლის დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებას. ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბრიდან გვექნება საშუალება, დავიწყოთ ვაქცინაციის მარათონი “სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის.

უკვე კვირის ბოლომდე გაეშვება ოჯახის ექიმების და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა, რაც ითვალისწინებს ვაქცინაციაში 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მოზიდვისთვის ჩაღრმავებულ კონსულტაციას და მათ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პირის აცრა.” – თქვა გაბუნიამ.

დღესვე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე “იმუნიზაციის მარათონებზე” ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და განაცხადა, რომ შერჩეულია 68 დასახლებული პუნქტი, სადაც სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ:

“ეს არის ძირითადად სოფლები, სადაც სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმი. ასევე თბილისიდან იქნება გაგზავნილი დამატებითი ჯგუფები. ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბერს დაიწყება ერთკვირიანი მარათონი, შეჯიბრი ამ სოფლებს შორის. 68 სოფელი მოიცავს 250 ათას მოსახლეს. სამიზნედ ვიღებთ 60%-იან მაჩვენებელს, რომელზეც სამი კვირის განმავლობაში გავალთ. იქნება რამდენიმე ასეთი კვირეული, თუ ამან გაამართლა, შემდეგ ავიღებთ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2 ათას ადამიანს აღემატება. ჩვენი მიზანია მოვიცვათ დაახლოებით 3,5 ათასამდე დასახლებული პუნქტი.

ამ პროცესში ჩართული იქნება თითოეული სოფლის რწმუნებული, ექიმი, ექთანი და ამ სოფლებს ეყოლება იმუნიზაციის ოფიცერი, ე.წ. აგიტატორი, რომელიც ივლის კარდაკარ და ყველა ადამინს აუხსნის აცრის მნიშვნელობას და მოიწვევს ასაცრელ პუნქტებში. რეგიონებში იქნება როგორც სტაციონარული ასაცრელი პუნქტები, ასევე მობილური.” – თქვა გამყრელიძემ.

mazda magti 5g