სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხურვალეთში, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა, კატეგორიულად უარყოფენ.
როგორც “ფორტუნას” სუს-ში უთხრეს, ინციდენტი ქართული მხარის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და მალევე ამოიწურა.
“ინციდენტი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხდა. სამოქალაქო პირები, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, სულ რამდენიმე წუთს იყვნენ მოსულები. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი სამართალდამცველები იყვნენ, სრული სიცრუეა. ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინციდენტი მყისიერად აღმოიფხვრა. ორმხრივი კომუნიკაცია არც შემდგარა, ჩვენი პოლიცია ბევრად მოშორებით იდგა, თუმცა, ისინი საოკუპაციო ხაზს არ გადმოსცდენილან,” – განუცხადეს “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი სამხედროების მხრიდან მორიგ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. ქაცარავას ინფორმაციით, ქართველ სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი ამბობს, ოკუპანტები სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები იყვნენ და მათ საოკუპაციო ხაზი 2ჯერ გადმოკვეთეს.
“ოკუპანტებმა საზღვარი გადმოკვეთეს” – პროვოკაცია ხურვალეთში
