LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა, ამ დრომდე ნანგრევებიდან ამოჰყავთ ათობით ადამიანი

83
1

ერთი ადამიანი იმსხვერპლა და ათობით ნანგრევებში მოიყოლა ინდოეთის ჩრდილოეთით, ჰიმაჩალ პრადეშის პროვინციაში ჩამოწოლილმა მეწყერმა.

შემთხვევა კინაურის რეგიონში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ნანგრევებში მოიყოლა ერთი სატვირთო მანქანა, ავტობუსი და რამდენიმე ავტომანქანა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ამ დრომდე კვლავ ნანგრევებში რჩება რამდენიმე ადამიანი, ისინი აცხადებენ, რომ ხაფანგში მოყვნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ამ დროისთვის მაშველებმა ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მაგრამ 30-მდე კვლავ ნანგრევებში რჩება.

მათივე თქმით, ადგილზე გაგზავნილია ინდო-ტიბეტური სასაზღვრო პოლიციის ჯგუფები და კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალებიც მზადყოფნაშია.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინდოეთში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. მეწყრული პროცესები ძლიერი, მუსონური წვიმებითაა გამოწვეული, რომელიც ამ სეზონისთვის დამახასიათებელია, თუმცა გარემოს  სპეციალისტების განცხადებით, ასეთი სიძლიერის წვიმა უჩვეულოა.

გასულ თვეში, ცხრა ადამიანი დაიღუპა ჰიმაჩალ-პრადეშში, როდესაც მანქანა კლდიდან მოწყვეტილმა ლოდებმა მოიყოლა. სულ მცირე 136 ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად ქვეყნის დასავლეთ შტატში, მაჰარაშტრაში, მას შემდეგ, რაც ძლიერმა წვიმამ ასობით სოფელი დატბორა და სახლები დაანგრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g