ინდონეზიაში, სულავესის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა.
6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სულავესის დასავლეთ ნაწილში პარასკევს მოხდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 7 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა მსხვერპლთა რიცხვი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გაიზარდა.
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, 740-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 27 800-ზე მეტი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა ევაკუაციის ცენტრებშია გადაყვანილი.
რეგიონის რამდენიმე ნაწილში პოლიციელები და სამხედრო ოფიცრები მორიგეობენ, რათა აღკვეთონ ძარცვის ფაქტები.
ინდონეზიის მეტეოროლოგიურ სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგიონში კიდევ ერთმა მიწისძვრამ შეიძლება ცუნამი გამოიწვიოს.
ქვეყანა ხშირად ებრძვის სტიქიურ მოვლენებს და მის დამანგრეველ შედეგებს.
2018 წელს ინდონეზიაში მომხდარმა 7,5-ბალიანმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რამდენიმე კვირის წინ, სულავესის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდოდობის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, მეწყერს კი 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინდონეზიაში მიწისძვრას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა