LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდური ფილმები, შესაძლოა, საქართველოშიც გადაიღონ

175

ინდოეთის კინოინდუსტრია საქართველოში კინოგადაღების დაგეგმვით ინტერესდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს ინდოეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

ქეთევან ბოჭორიშვილმა გუშინ და დღეს 25 ინდურ კინომწარმოებელ კომპანიას გააცნო კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი, რომლის ფარგლებში დანერგილია ე. წ cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.

როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ მსხვილ ინდურ კომპანიებს, რომელთა ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს აღემატება და წელიწადის განმავლობაში მინიმუმ 4-5 ფილმს იღებენ.

“ქართული მხარის შეხვედრები ინდურ ბაზარზე მოქმედ კინომწარმოებლებსა და საპროდიუსერო კომპანიებთან ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით უმნიშვნელოვანესია,”- განაცხადეს სამინისტროში.

მინისტრის მოადგილე ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოელ რეჟისორს ვარუნ ბაჯაჯსაც შეხვდა და დეტალურად განიხილა კინოგადაღების კუთხით საქართველოში არსებული პოტენციალი და კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემო.

სტატისტიკურად ბოლივუდში წლის განმავლობაში 500 ფილმის გადაღება ხდება, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 3000 ფილმი იწარმოება.

mazda magti 5g