LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა…“ – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

12845
როსტომ შველიძე

მედიცინის მუშაკი ლამარა ნებიერიძე „კვრის პალიტრასთან“ ინტერვიუში გმირ ექიმზე, როსტომ შველიძეზე საუბრობს, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე გადაარჩინა. 

როსტომ შველიძე ზესტაფონის კლინიკაში მუშაობდა. ქირურგი 8-საათიანი ოპერაციის ჩატარებისას მიხვდა, რომ სხვისი გულის ამუშავებისთვის ბრძოლაში თავად საკუთარი გული დაუზიანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია არ უნდა მიეტოვებინა, საკუთარი გულისთვის კი მერე ეშველა, თუკი ეს შესაძლებელი იქნებოდა.

საოპერაციო მაგიდაზე ტყვიით დაცხრილული 23 წლის ბიჭი იწვა… როსტომს პაციენტი არ მიუტოვებია, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა.

ახლახან გავიგე ექიმის შესახებ, რომელმაც ოპერაცია არ მიატოვა და რომ დაასრულა, იმავე წუთებში გარდაიცვალა. ნუთუ შესაძლებელია ადამიანმა იგრძნოს, რომ ცუდად არის და მაინც გააგრძელოს მუშაობა?

„ბევრს არ ეგონა, რომ ეს შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენმა დიდმა ადამიანმა და ექიმმა ეს დაგვიმტკიცა. ექიმიც არის და ექიმიც. ისინიც ხომ განსხვავდებიან იმით, რამდენად ღრმად იციან თავიანთი საქმე.

როსტომ შველიძე ქირურგი იყო, მაგრამ მედიცინის ყველა დარგს იმდენად კარგად იცნობდა, ზესტაფონში არავინ მეგულება, მასთან რჩევის მისაღებად რომ არ მისულიყო.

ჩემი მეუღლეც სამჯერ მკურნალობდა მასთან და რამდენჯერაც კლინიკაში მისვლა დასჭირდებოდა, ყოველთვის გვეუბნებოდა, სადაც როსტომ შველიძე მუშაობს, იქ მიმიყვანეთ, თუ მაგას არ დაველაპარაკები, ისე არსად წავალ, მირჩევნია, სახლში ვიყოო. ამას განა იმიტომ ამბობდა, რომ ზესტაფონში კარგი ექიმები არ გვყავს, მაგრამ როსტომ შველიძემ მედიცინის ყველა დარგი ძალიან კარგად იცოდა, რომ შეხვდებოდი, თითქოს მისი საუბარიც კი გკურნავდა, მისი სიტყვები გულზე მალამოდ ედებოდა. ის მართლაც განსაკუთრებული ადამიანი იყო, ვერ გეტყვით როგორ ახერხებდა, რომ როგორი სასოწარკვეთილიც არ უნდა ყოფილიყო პაციენტი, მასთან გასაუბრების შემდეგ საოცარი სიმშვიდე იპყრობდა…

იმ ოპერაციაზე, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 23 წლის ბიჭი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. იმდენად მძიმე, რომ ოპერაციის წამით დაყოვნება არ შეიძლებოდა, არტერიები ჰქონდა დაგლეჯილი და ერთი არტერიიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. აი, ამიტომ ვერ მიატოვა და ვერ გადასცა სხვას ოპერაცია“, – აცხადებს ლამარა ნებიერიძე.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო და დროული რეაგირებით გადარჩენის დიდი შანსი ჰქონდა. შეუძლებელია ასეთი ექიმი ვერ მიმხვდარიყო, რა მოუვიდა და რა შანსი ჰქონდა.

„ყველაფერს მიხვდებოდა, მაგრამ უმძიმეს ოპერაციაზე იყო და არჩია თავის თავზე აეღო მისი დასრულების პასუხისმგებლობა, რადგან მას ჰქონდა ბიჭის გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი, ხუმრობა ხომ არ არის 8-საათიანი უმძიმესი ოპერცია.

ამას წინათ სოციალურ ქსელში მისი ვაჟი, რომელიც ასევე ექიმია, წერდა, ყველაზე უცნაური ის არის, რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო ვამაყობ შენითო.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ მიეცა როსტომ შველიძეს ამქვეყნად ყოფნის ამდენად ცოტა დრო. ალბათ, იმიტომ, რომ თავისი მისია უკვე აღასრულა, იმდენი გააკეთა და იმდენი სიყვარული წაიღო, ძალიან ბევრისთვის იქნებოდა საკმარისი. რაც მთავარია, ჩვენთვის ის გმირია, გმირად კი ამ ქვეყნიდან ძალიან ცოტა მიდის“, – აცხადებს ლამარა ნებიერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g