საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 298 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.
ცესკოს ცნობით, არჩეული პირები სრულად აკმაყოფილებენ კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. აქედან, არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო 9 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 22 631 პირს, რაც საერთო რაოდენობის 93.87%-ია.
,,ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. საუბნო საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული წევრებიდან 18 677 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 976 – ,,საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 538 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია. ეს გარემოება თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებს პროცესის პროფესიულ სტანდარტს.
ამავდროულად, ზემოთ მოცემული მონაცემები ადასტურებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, 3 051 საარჩევნო უბნის 24 408 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 314 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 117 საკონკურსო განაცხადი, ხოლო კომისიის წევრების ვაკანტურ ადგილზე – 15 197”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.