LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური ჯოხი უსინათლოებისთვის, რომელიც დაბრკოლებას 2 მეტრში აღიქვამს

346

ბათუმელმა მეგობრებმა უსინათლოებისთვის ინოვაციური ჯოხი შექმნეს. ცოტნე შოთაძემ და ბესიკ შარაშიძემ პროექტზე მუშაობა სკოლაში დაიწყეს. მათ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა წელს დაამთავრეს. ჯოხი უსინათლოებისთვის მგზავრობის დროს დამხმარე საშუალებას წარმოადგენს და მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, გზაზე დაბრკოლებები წინასწარ განსაზღვროს. ჯოხის მფლობელს ასევე შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან გაგზავნოს საკუთარი მდებარეობის შესახებ ინფორმაცია და მოიხმოს ვინმე დასახმარებლად.

როგორც „ფორტუნას“ ერთ-ერთმა გამომგონებელმა ბესიკ შარაშიძემ განუცხადა, ჯოხს აქვს სპეციალური სენსორები, რომლებიც აღიქვამენ დაბრკოლებებს 2 მეტრის მანძილიდან. „ჯოხი გამოსცემს ხმოვან და ვიბრო სიგნალებს. გარდა ამისა, ჯოხში დამონტაჟებული გვაქვს GPS კოორდინატების გადამცემი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს GSM ტექნოლოგიაზე. მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია კოორდინატების გაგზავნა წინასწარ დარეგისტრირებულ ნომერზე. ჯოხზე დამონტაჟებულია ღილაკი და ამ ღილაკზე თითის დაჭერით უსინათლო ადამიანი აგზავნის დახმარების სიგნალს. სიგნალთან ერთად, მიმღებთან მიდის უსინათლოს ადგილმდებარეობის კოორდინატები”, – განაცხადა ბესიკ შარაშიძემ.

მისი თქმით, მანძილში შეზღუდვა არ არსებობს და სიგნალის გადაცემა ყველა ადგილიდან არის შესაძლებელი. როგორც ბესიკ შარაშიძემ აღნიშნა, ჯოხის ახლანდელი მოდელი არ არის საბოლოო სახის და ისინი მასში ცვლილებების შეტანას გეგმავენ. ”ვფიქრობთ ჩვენი ხელსაწყოს გაუმჯობესებას, ფუნქციების დამატებას, რისი საშუალებაც გვაქვს. ჩვენს გამოგონებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება, ვაპირებთ შევქმნათ პატენტი, მერე კი რეალიზებაზეც ვიფიქრებთ“,- განაცხადა ბესიკ შარაშიძემ.

მისი თქმით, უსინათლოების ხელჯოხზე 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g