საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იდეების კონკურსის გამარჯვებული პროექტი ცნობილია და ეს CO-WORK-ია, რომელიც ემსახურება „COVID-19“ ინფექციით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის გამარტივებასა და შემდგომ მონიტორინგს.
კერძოდ, იდეა მოიცავს დისტანციური ინსპექტირების ელექტრონული პროგრამის შექმნას, ობიექტის კონტროლის მექანიზმებსა და ნებართვის გაცემის შემდგომ მონიტორინგს. ორგანიზაციები და დასაქმებულები პროგრამის საშუალებით ავტომატურად გადიან შემოწმების კითხვარს და წარადგენენ დოკუმენტაციას, რაც მარეგულირებელ ორგანოს, საშუალებას მისცემს ადგილზე მიუსვლელად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, გასცეს ნებართვა და აწარმოოს შემდგომი მონიტორინგი. გამარჯვებული იდეის ავტორს 10 000 ლარი გადაეცა.
გამარჯვებული იდეის განხორციელებაზე მუშაობას სახელმწიფო დაიწყებს კონკურსის მონაწილის ჩართულობით. იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით, გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები.