წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.
ინვესტიციების მოცულობით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 88.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი – 31.9 მლნ. აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი).
2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 35.5 მლნ. აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით (22.2 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ დაზუსტებული მონაცემები 2021 წლის 16 აგვისტოს გამოქვეყნდება.