Qnet – ბიზნესი, რომელსაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც უამრავი დაზარალებული ჰყავს.
სქემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე კარგად გაშიფრული და მარტივია: მთავარი მოთხოვნა, ბიზნესში ხალხის გაწევრიანებაა, გასაყიდი პროდუქტის ფასები ძალიან მაღალია, კლიენტები კი არ არსებობენ, რადგან ყველა კლიენტი გამყიდველი ხდება.
რეალურად, ვინც Qnet-ის სქემაში ერთვება, არა პროდუქტი, არამედ ფულის შოვნა აინტერესებს. სწორედ ამ დაპირებით რთავს ის სხვა ადამიანს სისტემაში…
ამის გამო თვლიან, რომ Qnet თაღლითური ფინანსური პირამიდაა.
ეს კომპანია საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა, მას უკვე იმდენად ბევრი უკმაყოფილო ჰყავს, რომ დიდი ანტიპიარია აგორებული.
„ეს კომპანია ძირითადად დგას ადამიანებზე, ნათესავებზე, მათ სქემაში ჩართვაზე – ეს ჯაჭვი ყველა ვარიანტში სადღაც გაწყდება. მარკეტინგის დროს მომხმარებელთან მიგაქვს პროდუქცია, Qnet კი ეს თემა არ არის, აქ მთავარი არა პროდუქცია, არამედ ადამიანია, რომელიც სქემაში ჩართვის შემდეგ თვითონ ხდება პროდუქტის რეალიზატორი და ერთვება პირამიდაში“, – აცხადებს ჩვენთან ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც განმარტავს, რომ მისი უამრავი ახლობელი ჩაერთო Qnet-ში იოლი ფულის შოვნის იმედით.
მისი თქმით, პირს რომელსაც „იოლი ფულის“ მაძიებელი მიჰყავს კომპანიაში, კარგად დატრენინგებული თანამშრომელი უნაკლო სქემას უსახავს, რომელიც დიდ მოგებაზეა გათვლილი.
„ეს თანამშრომელი კარგად დაგიხაზავს, დაგითვლის ყველაფერს – სქემა პრინციპში უნაკლოა, მაგრამ როცა რეალურად, პრაქტიკაში ამის განხორციელება რთულია. ისინი არაფერს გატყუებენ. გეუბნებიან ამას თუ გააკეთებ ამას მიიღებ, მაგრამ ეს სქემა უფრო ზედა დონეებზე მუშაობს. პირამიდის რაც უფრო დაბალ საფეხურზე ხარ, ანუ რაც უფრო მეტი ადამიანის შემდეგ ერთვები მასში, მით უფრო ნაკლებია მოგების შანსი.
ეს პირამიდა აუცილებლად ჩამოიშლება, ვიღაც ვეღარ მიიყვანს მყიდველს, უბრალო მიზეზით – ხალხი აღარ დარჩება. ზედა დონე კი მაინც მოგებული დარჩება, რადგან მათ სხვების ხარჯზე უკვე იშოვეს ფული“, – განაცხადა მან.
რა განსხვავებაა ფინანსურ პირამიდასა და ქსელურ მარკეტინგს შორის?
ქსელურ მარკეტინგად გასაღებული Qnet უფრო მეტად თაღლითურ ფინანსურ პირამიდას შეესაბამება ქსელური მარკეტინგისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით განცხვავდება.
ამ ორის გასარჩევად და სქემაში გასარკვევად ვებ-გვერდი Qnet თაღლითური ფინანსური პირამიდა შემდეგ განმარტებას გთავაზობთ:
ქსელურ მარკეტინგში:
- მთავარია რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაიყიდოს.
- პროდუქტი ხარისხიანი უნდა იყოს.
- კომპანიას ყავს დილერები, რომლებიც რაც მეტ პროდუქციას გაყიდიან, მით მეტ შემოსავალს მიიღებენ.
- კომპანიის დილერს შეუძლია ათასობით კლიენტს მიყიდოს პროდუქცია.
- კლიენტები, ანუ პროდუქციის მყიდველები ფულს არ აკეთებენ, მათ პროდუქტი აინტერესებთ და შეიძლება ბევრჯერაც იყიდონ.
თაღლითურ ფინანსურ პირამიდაში:
- მთავარია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაწევრიანდეს.
- პროდუქტი არავის აინტერესებს.
- კომპანიას ყავს დილერები, რომლებიც რაც მეტ ადამიანს ჩაითრევენ პირამიდაში, მით მეტ შემოსავალს ღებულობენ.
- დილერს შეუძლია მხოლოდ ორი კაცის ჩაბმა.
- კლიენტები არ არსებობენ, ყველა ვინც პირამიდაშია ფიქრობს ფულის შოვნაზე, პროდუქტში მეორედ არავინ იხდის ფულს.
ვებ-გვერდი მოუწოდებს მომხმარებლებს არ მოტყუვდნენ, არ ჩაერთონ პირამიდაში, რომელშიც ბევრი ადამიანის ხარჯზე ძალიან ცოტა შოულობს ფულს.
„ქსელურ მარკეტინგში არიან დილერები, რომლებიც კლიენტებს ემსახურებიან, პირამიდაში კი არიან ლიდერები, რომლებიც ცხვრებს აბოლებენ“, – ვკითხულობთ ვებ-გვერდზე.
ამ ბრალდებას შინაარსმოკლებულს უწოდებენ კომპანიაში, რადგან მათი თქმით, თავისი არსით, QNET ქსელური მარკეტინგია, რადგან გასაყიდი პროდუქცია ფიგურირებს.
“ფორტუნამ” ამ კომპანიაში გაწევრიანებულ ერთ-ერთ ქართველს ესაუბრა, რომელიც QNET-ში 2013 წლიდანაა გაწევრიანებული.
“ამიხსნეს ეს საქმე და დღემდე ჩემი შემოსავალი მხოლოდ QNET–იდან მიღებული მოგებაა. ძალიან კმაყოფილი ვარ. დაწყებიდან 4 თვეში მივიღე მოგება. მეც მესმოდა ნეგატიური ამბები მათ შესახებ, მაფრთხილებდნენ, რომ გაკოტრდებოდნენ, გაიქცეოდნენ, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც წარმატებულ კომპანიას ანტიპიარს უგორებენ. ვისაც გააზრებული აქვს რატომ იწყებს ამ საქმეს, ისინი აღწევენ წარმატებას, სწორედ ასე ვიყავი მეც. ერთხელ ვიყიდე ნივთი. ამის შემდეგ მხოლოდ წლიურ, წევრობის გადასახადს ვიხდი და ვიღებ საკმაოდ დიდ მოგებას”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ კომპანიიდან ფულს 1 მილიონამდე ადამიანი შოულობს.
მისი თქმით, QNET-ს იმის მიუხედავად, რომ ცოტა პროდუქცია აქვს, უინტერესო არასდროს გახდება:
“ჩვენ კომპანიას ისეთი პროდუქცია აქვს, რომელსაც ფასი არ უვარდება. მე რომელი საათიც ვიყიდე, ის დროდადრო უფრო ძვირდება, რადგან კოლექციურია. თან გარდა ამისა, ადამიანები მხოლოდ პროდუქციის ინტერესის გამო არ ყიდულობენ ჩვენს ნივთებს”, – განაცხადა მან.
3% შოულობს ფულს, 5-6% დანახარჯს ანაზღაურებს, თუმცა მოგებაზე ვერ გადის, დანარჩენი 90% ზარალშია – ეს მარტივი სტატისტიკაა, რომელიც ფინანსურ პირამიდას შეეფერება. პირამიდის სათავეში მყოფი ხალხის ნაწილი უხეშად რომ ვთქვათ, 90%-ის “ხარჯზე” შოულობს ფულს.
შესაბამისად, არიან კმაყოფილი მომხმარებლებიც, რომლებიც სავარაუდოდ, ფინანსურ პირამიდაში თავიდანვე ჩაერთნენ და წარმატებით შეძლეს სხვების ჩართვაც. ისინი FB გვერდზე, რომელიც qnet-ის საწინააღმდეგო კამპანიას ახორციელებს, წერენ, რომ ფული თავადაც იშოვნეს და სხვებსაც აშოვნინეს.
მოქალაქეთა ნაწილი საქართველოში Qnet-ის აკრძალვას ითხოვს:
Qnet-ის საქართველოში აკრძალვის მოთხოვნით მანიფესტიცაა მომზადებული. თუმცა ეს კომპანია ჯერჯერობით არ კონტროლდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად მათ საგადასახადოც ვერ შეამოწმებს, იმის მიუხედავად, რომ კომპანიაში ძალიან დიდი ფული ტრიალებს.
„ამ კომპანიაში არ რეგულირდება შემოსავალი, ვერც დაუდგენ რეალურად რა შემოსავალი აქვთ. რომც შეამოწმოს საგადასახადომ რას უპოვის? ხელზე ხდება ფულის მოძრაობა და იმიტომ“,– აცხადებს ჩვენთან ექსპერტი.
უცხო ქვეყნების გამოცდილება
Qnet, ცნობილია, როგორც QuestNet, GoldQuest და QI Limited. ეს სხვადასხვა სახელები ერთ კომპანიას აერთიანებს და ის აკრძალულია უამრავ ქვეყანაში, მათ შორის: ავღანეთი (2008 წლიდან), რუანდა – ცენტრალური აფრიკის ქვეყანა (2009 წლიდან), ირანი (2005 წლიდან), შრი ლანკა (2004 წლიდან), ამერიკა&კანადა (2008 წლიდან), სირია (2009 წლიდან), ინდოეთი (2010 წლიდან)
რატომ აიკრძალა Qnet სხვადასხვა ქვეყნებში?
თავად QNET-ის ქართველი წარმომადგენელი, რომელსაც “ფორტუნა” დაუკავშირდა, აკრძალვის ფაქტებს არ უაყოფს და ამას ერთი მიზეზით ხსნის:
“ამ ქვეყნებში, კომპანიის წარმომადგენლები არ იხდიდნენ მოგების გადასახადს, ასე რომ ეს არალეგალურია. ზოგიერთ ქვეყანაში დააკავეს კიდეც კომპანიის წარმომადგენლები. შემდეგ კომპანია დაინტერესდა ამ თემით და ზოგიერთ ქვეყანაში მოგვარდა კიდეც პრობლემა”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველოში თითოეული წარმომადგენელი მოგების გადასახადს იხდის.
ავღანეთში: კომპანია არალეგალურად მუშაობდა. კომპანიის საქმიანობამ ეკონომიკური ზიანი მიაყენა ადამიანებს და ქვეყანას. ქვეყნის გარეთ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადინება მოხდა.
რუანდაში: ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს არალეგალური და თაღლითური საქმიანობა იყო. კომპანიას ბიუჯეტში არ შეჰქონდა გადასახადი. რუანდას ეროვნული ბანკის განცხადებით, კომპანია პირამიდის სქემით მუშაობდა და ფულის გათეთრებაში იყო ჩართული.
ირანში: ქიუნეთის საქმეიანობა 2005 წელს აკრძალეს, ხოლო მისი მთავარი აგენტები დააპატიმრეს.
შრი ლანკაში: კომპანიის საქმიანობა ქვეყნიდან 50 მილიონი დოლარის გადინების გამო, აიკრძალა.
აშშ&კანადა: კანადის მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, Qnet ფინანსური პირამიდის სქემაა, რომელმაც 2940 ადამიანისგან 29 მილიონი მიიზიდა.
სირიაში: ქიუნეთმა მილიონობით სირიული ფუნტი შეაგროვა და ქვეყანაში ოფისები ყოველგვარი ფართხილების გარეშე დახურა.
ინდოეთში: აკრძალეს Goldquest, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ახალი სახელით QNET-ით დაიწყო ფუნქციონირება და დღემდე აგრძელებს ამ ბაზარზე ოპერირებას.
Qnet ჰონგ–კონგში 1998 წელს დაარსდა. Qnet აფინანსებს ინგლისის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო გუნდს მანჩესტერ სითის.
ის ამ დროისთვის ძალიან ბევრი გუნდის და სხვადასხვა კამპანიის სპონსორია.Qnet მომხმარებლებს სწორედ ამ მხრივ შექმნილი რეპუტაციით იზიდავს.
თამთა უთურგაშვილი