როგორც იცით, 12 სექტემბერს, კომპანია Apple-მ ერთგულ თაყვანისმცემლებს სამი ახალი სმარტფონი – iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X (იგივე iPhone 10) წარუდგინა. ამ დღეს არამარტო აღნიშნული ბრენდის, არამედ სრულიად ტექნო-სამყაროს წარმომადგენლები მოუთმენლად ელოდნენ. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ბაზარზე ახალი სმარტფონების გამოჩენას საქართველოშიც ელიან.
როგორც ”ფორტუნას” ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Iphone+ ში განუცხადეს, iPhone 8 და iPhone 8 Plus ჩვენს ქვეყანაში 21 სექტემბრიდან გაიყიდება, iPhone X (იგივე iPhone 10) კი – 3 ნოემბრიდან.
”რაც შეეხება ახალი სმარტფონების ღირებულებას, iPhone X-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა iPhone 8-ის ექსკლუზიური ღირებულება 5555 ლარი იქნება. რამდენიმე დღეში სმარტფონი, ბუნებრივია, გაიაფდება და 2000 ლარი ეღირება”, – განმარტეს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Iphone+ ში.
გავრცელებული ინფორმაციით, iPhone X-ის სავარაუდო ღირებულება საქართველოში, პირველ დღეებში, 9999 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, iPhone 8 და iPhone 8 Plus – ორივე მოდელი სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერში, ნაცრისფერსა (მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი) და ოქროსფერში (ვარდისფერის ელფერით). 4s-ის მსგავსად, ისინი სარკის ზედაპირით იქნება წარმოდგენილი. iPhone Х კი – ერთ დროს პოპულარულ iPhone 4/4s-ს მოგვაგონებს. ხელმისაწვდომი იქნება ვერცხლისფერ და ნაცრისფერ ტონალობებში.