LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოდრომის შემდეგ ლაგუნა ვერე?! “ივანიშვილს გაუჭირდა და ასე ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას”

504
FORTUNA.GE

ყოველდღე მოქალაქეები შიშით შევყურებთ stopcov-ge-ზე მონაცემების განახლებას და კორონავირუსის შემთხვევების ზრდას, ყოველდღე ვცდილობთ, როგორმე მოვახერხოთ გაძვირებული პროდუქტების ყიდვა, ვცდილობთ, გავერკვეთ, რა ვქნათ 31 ოქტომბერს – ან უკვე გარკვეულები ვართ და ველოდებით არჩევნების დღეს, ყოველდღე ვისმენთ ხელისუფლების არგუმენტს, რომ 8 წელი არ იყო საკმარისი პრობლემების მოსაგვარებლად და მერე გვახსენდება ის 9 წელი, როცა 90-იანი წლების საქართველო შემდგარ ქვეყნად ჩამოყალიბდა. ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა: უკვე შემდგარ ქვეყანაში რატომ არ ეყო 8 წელი მთავრობას ორი პრობლემისთვის მიეხედა – სასამართლო და ეკონომიკა, თუ 9 წელიწადში ფაქტობრივად არარსებული სახელმწიფო არარსებული სისტემებით, მილიციით, უშუქობით, უგაზობით ფეხზე დადგა და სახელმწიფოდ შედგა.

ჰოდა, ვართ ამ ფიქრებში, ანალიზში, ფაქტებისა და მოვლენების შედარებაში და უცებ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. გამოჩენაც არის და გამოჩენაც. თან მოიტანა არც მეტი არც ნაკლები 36 ჰექტარი მიწის ფართობი და გვაჩუქა – აი, ასე, ერთ მშვენიერ დღეს ადგა და იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს აჩუქა. ეს ერთი მშვენიერი დღე კი, რაღაც უცნაური დამთხვევით, არჩევნების პერიოდს დაემთხვა.

მაშინვე დაიწყო პოლიტიკოსების, კრიტიკოსების პროტესტი, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, აქამდე რას აკეთებდაო, თუნდაც მაშინ, როცა მისი ერთი კომპანიიდან “ინვესტ კაპიტალიდან” მისივე “ფონდ ქართუს” ეს ტერიტორია 60 მილიონ ლარად მიჰყიდაო – ანუ ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადატანა ჰქვია ამას, მაგრამ იქნებ ეს ოპოზიცია ცდება. ამ ადამიანის ქველმოქმედებაც ასე წინასწარ გაწერილი ხომ არ არის. ვინ იცის, როდის იმძლავრებს მასში ფილანტროპობა და როდის მოინდომებს მაგ. ლაგუნა ვერეს ჩუქებას, რომელიც ასე მიგდებულია უკვე წლებია, აუზის კედლები დაბზარულია და აუზში მცენარეები ხარობენ. 

ჰოდა, ახლაც, უბრალოდ მოეძალა ალბათ ქველმოქმედება და მადლობის მეტი რა გვეთქმის. ოღონდ ეს ქველმოქმედება მაინცდამაინც არჩევნების წინ რატომ იჩენს ხოლმე თავს, საკითხავად რჩება…

გადავწყვიტეთ, პოლიტიკოსების გარდა, აზრი იმ ადამიანისთვისაც გვეკითხა, რომელიც წლები იბრძოდა, რომ ამ ადგილზე პარკი გაშენებულიყო.

“პარტიზანული მებაღეობის” თავმჯდომარე ნატა ფერაძემ გვითხრა, რომ დემოკრატიაზე ხაზის გადასმით პარკის გაშენებაც კი დანაშაულია.

“გრინ ვოშინგი” ბევრი დიქტატორისა და მავნებლის გზაა, რომ მწვანე საქმეებით გადაფაროს რაღაცეები. წინა არჩევნებზეც ვფიქრობდით, რომ ახლა გამოიტანს იპოდრომს და ლაგუნა ვერეს თუ შემდეგ არჩევნებზეო? მართლა უნდა მოახერხო, რომ პარკის გაშენებით შუარცხყოფილად იგრძნოს ხალხმა თავი. დიახ, მე ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად. წლებია ამას არაერთი მოძრაობა ითხოვდა, უცებ წინასაარჩევნოდ გვიგდებენ გამზადებულ პროექტს, რომელიც ახლა გვანახეს.

მე მომწონს არ მომწონზე არაა მხოლოდ, იაპონური ბაღები და სპირალური ნაძვები რომ სწორად არ მიმაჩნია, ეს სხვა არის, შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ მერია გვეუბნება, გამზადებული პროექტი გვაქვს და ამას გავაკეთებთო. ასე არ კეთდება. კონცეფცია უნდა ჩამოყალიბდეს და ჩართული იყოს მოსახლეობა. მზა პროექტი კი არ უნდა აეფარებინათ სახეზე, უნდა ყოფილიყო კონკურსი გამოცხადებული”, – ამბობს ნატა ფერაძე.

მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი ნიშნავს, რომ ეს დიქტატორული ქვეყანაა.

ეს ნიშნავს, რომ ეს არის დიქტატორული ქვეყანა, სადაც მეფე აკეთებს იმას, რაც სურს. ეს არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საარჩევნოდ დიქტატორი გადმოგვიგდებს ჰოლანდიელების მიერ დაპროექტებულ პარკს. ასე დემოკრატიაზე ხაზის გადასმით პარკის გაშენებაც კი დანაშაულია”, – ამბობს ნატა ფერაძე.

საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ნადირაძესაც ვესაუბრეთ, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს და სწორედ მათ მიმართა თბილისის მერმა, რომ დიღმის ტყე-პარკი გადასცენ დედაქალაქს.

ირაკლი ნადირაძე უარყოფს, რომ დიღმის ტყე-პარკში “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრს რაიმე მიწის ნაკვეთი აქვს და მზადაა, ნებისმიერ დღეს მივიდნენ და გადაამოწმონ. რაც შეეხება იპოდრომს, ნადირაძე მას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.

“იპოდრომზე იქნება მაგარი ცენტრალური პარკი, რომელსაც 31 ოქტომბრის მერე ახალი ხელისუფლება გააკეთებს – ეს არის მისი წინასაარჩევნო ტრიუკი და დაპირება. გვახსოვს, რომ მან პუშკინის სკვერის ნაწილი 1 ლარად წაიღო. ასევე თაბორის მთა, ბოტანიკური ბაღის ნაწილი, ეს ხომ სულ ახლახანს მოხდა. რაც შეეხება დამტკიცებულ პროექტს, დიდი რესურსი აქვს დიღმის ჭალებს, მაგრამ აქ ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილი აწარმოებს უკანონო კარიერს, მოიპოვებს დიდი რაოდენობით ინერტულ მასალებს.

ეს უბრალოდ წინასაარჩევნოდ დასჭირდათ, აგებენ არჩევნებს, თბილისში ყველაზე მეტად უჭირთ, მაგრამ სულ რომ 7 მილიარდი გამოიტანოს და ქუჩაში დაარიგოს, ეს აღარ უშველის”, – ამბობს ნადირაძე.

კრიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ იპოდრომის ბედი ლაგუნა ვერემაც გაიზიაროს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე ღიად არავინ საუბრობს.

რა შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, კალაძემ პარკის პრეზენტაცია უკვე გამართა, რენდერები წარმოადგინა და ივანიშვილს მადლობაც გადაუხადა.

 

პ. ს. სოციალურ ქსელში ამ საკითხს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ერთი მხრივ აღფრთოვანებისა და მეორე მხრივ კრიტიკის გარდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ დაწერა, რომ ივანიშვილმა იპოდრომის სანაცვლოდ ორჯერ მეტი ტერიტორია მიიღო.

magti 5g