„მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და, კონკრეტულად, ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – ასე უპასუხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის საჭიროებაზე დასმულ შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები 19 მაისს პატრიარქს შეხვდებიან
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, „ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელისუფლება შეაკავოს, როდესაც საუბარია თანხის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ“.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე.
რაც შეეხება თანხას, ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში, ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით 50 მლნ-ზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა დაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა, ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია.
ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი. მაგრამ თუ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. არ მინდა დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი. თავის დროზე მთავრობამ მიიღო ხალხის ზეწოლის საფუძველზე, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება, დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს შედეგი. თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ შეიძლება არ მოჰქონდეს არავითარი შედეგები, გარდა ერთისა, ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს იმ თანხების საერთო მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას.
მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას. ასევე, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულებაა 3 მლნ დოლარი, ან მეორე მედიკამენტი, რომლის ღირებულებაა 700 ათასი დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300-700 დოლარი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეკითხვაზე – დაიგეგმება თუ არა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ბავშვების მშობლებს შორის, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმჯობესია ეს შეხვედრა შედგეს ჯანდაცვის სამინისტროში.
„სადაც არის შესაბამისი ექსპერტული ცოდნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო. უმჯობესია, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდეს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს კონსულტაციები წარმოებდა და მზაობა დღესაც არსებობს. სადაც არის ექსპერტული ცოდნა, სჯობს იქ გაგრძელდეს კონსულტაციები და არა წმინდა პოლიტიკურ ჭრილში. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში გაგრძელდეს ამ საკითხზე კონსულტაციები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდებიან.
შესაბამისი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა „ტვ პირველთან“ გააკეთა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, თითქმის ერთი თვეა, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები სამკურნალო მედიკამენტების შემოტანის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციებს მართავენ და ღამეს ათენებენ.
