პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 3 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, თუ პარტიები ალეკო ელისაშვილს ორშაბათამდე არ გარიცხავენ, „ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები გახდებიან”.
ირაკლი კუპრაძის სიტყვებით, „ასი ათასობით ადამიანის მოწამვლა ტერორიზმია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“.
„ორშაბათს გამოვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე და ტერორისტულ პარტიად შეგვრაცხავს „ლელოს“ ან რამე კრემლიდან ნაკარნახევ სიგიჟეს გამოაცხადებს.
დრო ჩვენ კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ, ესაა ტერორიზმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასი ათასობით ადამიანის მოწამვლა!“ – წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.
