საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ მოსახლეობის მიმართვიანობა 112-ში გაორმაგებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ადასტურებს. საქართველოს მთავრობის რჩევით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საზოგადოება პრევენციის მიზნით შესაბამის ზომებს მიმართავს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მომართვიანობის მიხედვით, არის მცირედი ზრდა. ორი დღის განმავლობაში, როდესაც გამოცხადდა, რომ დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა, მიმართვიანობა გაზრდილია. თუმცა, ჰოსპიტალიზება გრიპის ვირუსის კოდით მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. გვაქვს არამიზნობრივი გამოძახებები, როდესაც მოქალაქე რეკავს და ამბობს, რომ ირანის მოქალაქემ ჩაუარა გვერდით ქუჩაში და აინტერესებს ხომ არ გადაედო ვირუსი“, – განმარტავენ უწყებაში.
11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევა 26 თებერვალს საქართველოშიც დაფიქსირდა. ინფექცია დაუდასტურდა 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. ოფიციალური ინფორმაციით ის ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. პაციენტი ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.