ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება გაზრდის ტურისტების რიცხვს და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს. ასე გამოეხმაურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ირანთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივების საკითხს.
როგორც მან აღნიშნა, ირანთან მიმართებაში გამარტივებული მიმოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურისტების რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით.
”მსოფლიოში მიმდინარეობს გლობალური პროცესები და ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ირანი როგორც ქვეყანა და როგორც ბაზარი ხდება უფრო საინტერესო და გახსნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის ევროპული და არაევროპული კომპანიებისთვის. ის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გაამარტივებს სავიზო მიმოსვლას ირანთან, გახლავთ სრულიად ადეკვატური გამოძახილი დღევანდელ რეალობაზე,”- განაცხადა ჩოგოვაძემ.
როგორც მან განმარტა, ეს დადებით ეფექტს იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე.
ირანთან სავიზო რეჟიმი საქართველომ 2013 წლის ივლისის დასაწყისში ცალმხრივად, გააუქმა.