ამ დღეების მთავარი მოვლენა, ეს უდავოდ ,,ვერსაჩეს” წინა საშემოდგომო ჩვენება იყო, რომელსაც ნიუ-იორკმა, ამერიკის საფონდო ბირჟის სივრცეში უმასპინძლა. საინტერესოა, რომ დონატელამ ჩვენების თარიღად 2 დეკემბერი სიმბოლურად აირჩია. სწორედ ამ დღეს მოევლინა ქვეყანას მისი ძმა და იტალიური მოდის სახლის დამფუძნებელი, ჯანი, რომელიც 1997 წელს მოკლეს.
კიმ კარდაშიანი, კანიე უესტი, სიარა, ბლეიკ ლაივლი, უმა თურმანი, მერი ჯი. ბლაიჯი – ეს იმ ვარსკვლავთ არასრული ჩამონათვალია, რომელთაც შთამბეჭდავი შოუს მოლოდინში, პოდიუმის წინა რიგები დაიკავეს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანჰეტენზე შეკრებილთა იმედები გამართლდა, რადგან პოდიუმზე არანაკლებ ცნობილი სახეები ვიხილეთ, რომელთაც იტალიური ბრენდის სამოსი მოიგეს.
,,ვერსაჩეს” ახალი ლუქებით პოდიუმზე სხვებთან ერთად ისეთმა აღიარებულმა მოდელებმა გაიარეს, როგორებიც: ირინა შეიკი, ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი და ემილი რატაკოვსკი არიან.
აღსანიშნავია, რომ მოდელიორის პატივსაცემად, მისმა უმცროსმა დამ მსოფლიო მოდის ისტორიიდან ორ საკულტო კაბას ახალი სიცოცხლე აჩუქა, რომელთაგან პირველი 2000 წელს, ჯენიფერ ლოპესს, ,,გრემის” დაჯილდოების ცერემონიალზე, ხოლო მეორე 1994 წელს, ელიზაბეტ ჰერლის, ფილმის ,,ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა” პრემიერაზე ეცვათ.